ახალგაზრდა ლიდერებმა კახეთიდან თავიანთი თანატოლებისთვის ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საკითხზე ტრენინგი ჩაატარეს
15 ოქტომბერი, 2025
11 ოქტომბერს, ლელიანი ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ახალგაზრდა ლიდერებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან თავიანთი თანატოლებისთვის ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საკითხზე ტრენინგი გამართეს. თეორიულ ცოდნასთან ერთად, ახალგაზრდებმა წარმოაჩინეს ის უნარები, რომლებიც მანამდე ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში შეიძინეს.
ახალგაზრდა ლიდერების ტრენერებად მომზადება იყო ნაწილი უფლებები საქართველოს ინიციატივისა, რომელიც კახეთის რეგიონის ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის წახალისებას, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას ითვალისწინებს.
ინიციატივა, რომელშიც 60-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან და ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (UN OHCHR).
ტრენერთა ტრენინგის გარდა, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდა სწავლება საპროექტო განაცხადების მომზადების და ფონდების მოძიების საკითხებზე. ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ხუთ პირისპირ და ხუთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაში, სადაც იმსჯელეს თავიანთ მრავალეთნიკურ თემებში არსებული გამოწვევების შესახებ და დაგეგმეს ერთობლივი სამოქალაქო ინიციატივები.
უფლებები საქართველოს, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის და ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრის მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების ფარგლებში, მოეწყო საჯარო კინოჩვენებები, ასევე ლელიანის და ახალსოფლის ცენტრების ბიბლიოთეკების ფონდები განახლდა.
გარდა სწავლებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერისა, უფლებები საქართველომ ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად სოციალური მედია კამპანიაც აწარმოვა.
კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის აქტუალურ შვიდ საკითხზე (კარგი მოქალაქეობა, თანასწორობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სამოქალაქო ჟურნალისტიკა, მოხალისეობა, არაფორმალური და პროფესიული განათლება, დასაქმებისთვის საჭირო უნარები) საინფორმაციო ბარათები მომზადდა.
ამავე თემებზე მომზადდა მოკლე ვიდეოების სერია “ახალგაზრდების ხმები კახეთიდან”, რომელშიც პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა თანატოლებს საკითხების ირგვლივ თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს.