ლელიანში კახეთის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ტრენინგები გაიმართა

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, კახეთის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ორი ტრენინგი გაიმართა.
11 სექტემბერს, უფლებები საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო მკერვალიშვილმა ჩაატარა პრაქტიკული სწავლება (Training of Trainers), რომელიც ახალგაზრდებისათვის ტრენინგების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გაძღოლის უნარების გამომუშავებას ითვალისწინებდა. სწავლების ფარგლებში, ახალგაზრდებმა გაიუმჯობესეს ფასილიტაციის უნარები, შეისწავლეს რთული ქცევისა და კონფლიქტების მართვის მეთოდები, ეფექტიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის პრაქტიკა. ახალგაზრდებმა თავად ჩაატარეს სადემონსტრაციო სესიები და მიიღეს უკუკავშირი თავიანთი თანატოლებისგან.
12 სექტემბრის ტრენინგი კი ფოკუსირებული იყო პროექტების დაგეგმვასა და ფონდების მოძიებაზე. მონაწილეებმა განიხილეს საგრანტო პროექტების ტიპები, საპროექტო განაცხადის დიზაინი, განხორციელების გეგმის შედგენა, რისკების მართვა და ბიუჯეტირება. ჯგუფური მუშაობის შედეგად ახალგაზრდებმა საკუთარი საპროექტო იდეები შეიმუშავეს და წარმოადგინეს. ტრენინგს პროექტების მართვის და ფონდების მოძიების ექსპერტი დიანა ლეჟავა უძღვებოდა.
ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული ტრენინგები ორგანიზებული იყო უფლებები საქართველოსა და ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ. ინიციატივის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით.