არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ შეიქმნება

„უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ მკერვალიშვილმა, პროექტის კოორდინატორებმა, ანი მუხიგულაშვილმა და ანა გუდაძემ, მიგრაციის საკითხებზე ადვოკატირების ქსელის დაფუძნების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებთან ერთად ონლაინ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს ქსელის მიზნებზე, სამომავლო გეგმებსა და ქსელის წევრობის საკითხებზე.
მიგრაციის საკითხებზე ადვოკატირების ქსელის დაფუძნების შემდეგ, შერჩეული წევრი ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრებში, სადაც მოხდება წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. მათ საშუალება ექნებათ განიხილონ მიგრაციის სფეროში ყველაზე აქტუალური საკითხები, შეთანხმდნენ თანამშრომლობის სფეროებზე და, შესაბამისად, ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ქსელის მიზანია გამოვლენილი აქტუალური საკითხების ადვოკატირება, სამომავლო პარტნიორობის ხელშეწყობა და საქმიანობის უკეთ კოორდინაცია. ქსელის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით.
ქსელი იქმნება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მხარდაჭერით, პროექტი EMERGE-ის ქვეშ, და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე პროექტის „მიგრაციის საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების ქსელის შექმნა და მიგრანტების სამართლებრივი დახმარება საქართველოში“ ფარგლებში.