შესვლა

რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას საქმის განხილვის დეტალები

21 იანვარი, 2025

18 იანვარს, ღამის საათებში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზანდუკელის  ქუჩიდან, გატაცებული რატი ტყემალაძის და ოთარ კვარაცხელიას საქმეები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2024 წლის 20 იანვარს გააერთიანა და განიხილა.

რატი ტყემალაძესა და ოთარ კვარაცხელიას ინტერესებს „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები, მარიამ მაღრაძე და დიმიტრი ნოზაძე, წარმოადგენდნენ.

მოსამართლემ მტკიცებულებების შეფასებისას, უპირატესობა პოლიციელთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს მიანიჭა და მიუხედავად პოლიციელთა ურთიერთსაპირისპირო და არათანმიმდევრული ჩვენებებისა, დაკავებულები სამართალდამრღვევებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 174 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა, რაც შეკრებისას სახის ნიღბით დაფარვაში გამოიხატა).

აღსანიშნავია, რომ შსს-ს არ წარუდგენია ნეიტრალური მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან აქციის მიმდინარეობისას სახის ნიღბით დაფარვა. 

პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულები და არ იდენტიფიცირდებოდნენ, როგორც პოლიციელები. პოლიციელების განმარტებით, დაკავებამდე რატი ტყემალაძესა და ოთარ კვარაცხელიას  წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები. თუმცა, სასამართლოში მიცემული ურთიერთსაპირისპირო ჩვენებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი მხრიდან მოწმობების წარდგენის საკითხს. მოწმობების წარდგენას უარყოფენ მოწმეები, რომლებმაც გადაიღეს რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას დაკავების ფაქტიც. შესაბამისად, მოსამართლემ შეფასების მიღმა დატოვა, თვითონ პოლიციელთა მოთხოვნის კანონიერება და აღქმადობა, თუ რამდენად შესაძლებელი იყო შავებში ჩაცმული პირების პოლიციელებად იდენტიფიცირება. პოლიციელებმა უარყვეს რომ ისინი იმყოფებოდნენ უცხოურ ნომრებიან მანქანაში. მათი ჩვენების თანახმად, მოქალაქის მანქანით გადაიყვანეს დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში.

ცალკე აღსანიშნავია, დაკავებული პირების ნიღბის ტარების გამო სამართალდამრღვევებად ცნობა. პოლიციას არ წარუდგენია არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება (მაგ., ფოტო ან ვიდეო ჩანაწერი), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაკავებულ პირებს სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. მოსამართლე მთლიანად დაეყრდნო პოლიციელთა ჩვენებს და დაკავებისას შედგენილ ოქმს, რომლითაც დასტურდებოდა, რომ დაკავებულ ახალგაზრდებს ნიღბები ჩანთაში ედოთ. ნიღბების ჩანთაში შენახვა, a priori მათ გამოყენებას და აქციის მიმდინარეობისას სახის ნიღბით დაფარვას არ გულისხმობს. დაცვის მხარი მიერ წარდგენილმა მოწმეებმა განმარტეს, რომ რატი ტყემალაძესა და ოთარ კვარაცხელიას აქციაზე ნიღბები არ ჰკეთებიათ. საპირისპირო მტკიცებულებები პოლიციელებს არ წარუდგენიათ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ისიც კი ვერ გაიხსენა, თუ რა სახის აქცია იყო და ატარებდნენ თუ არა სხვა პირებიც ნიღბებს. შესაბამისად, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ამ შემთხვევაშიც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია 2200-2200 ლარით დააჯარიმა. 

შეგახსენებთ, რომ ოთარ კვარაცხელიას განმარტებით, მისი დაკავება შეცდომით მოხდა. პოლიციის განყოფილებაში მას აქციაზე პიროტექნიკის სროლას ედავებოდნენ. პოლიციელებმა წარუდგინეს კიდეც ვიდეო ჩანაწერი, სადაც ოთარ კვარაცხელიას მსგავსი ჩაცმულობის მქონე პირი, აქციაზე ფეიერვერკს ისვრის. ოთარ კვარაცხელიას მიერ ჩაცმულობის დეტალებზე ყურადღების გამახვილების შემდეგ, პოლიციელები დარწმუნდნენ, რომ ოთარ კვარაცხელიას ფეიერვერკი არ გაუსვრია. თუმცა, სამართალდარღვევის ოქმი მაინც შეადგინეს ნიღბით სახის დაფარვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. რაც შეეხება რატი ტყემალაძეს, ის ოთარ კვარაცხელიას თანმხლები პირი იყო.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!