მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის საქმეზე
16 თებერვალი, 2024„უფლებები საქართველოს“ ადვოკატების მიმართვების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ძალადობაში მსჯავრდებულ კაცს, გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გამო, სასჯელი დაუმძიმა.
ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმეზე, მოძალადეს გორის რაიონული სასამართლოს მიერ მისჯილი ჰქონდა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისთვის, კერძოდ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენაში და უფრო მკაცრი სასჯელი - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გორის რაიონულმა სასამართლომ 2023 წლის 1-ელ სექტემბერს განიხილა ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის საქმე, სადაც მოძალადეს ბრალდების მხარე ედავებოდა დამამძიმებელი გარემოებით - გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას, არასრულწლოვანი შვილების მიმართ და მათი თანდასწრებით ჩადენილ ოჯახში ძალადობას. საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, გორის სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო მხოლოდ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ძალადობის ნაწილში.
სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარია ბრალდების მხარისა და „უფლებები საქართველოს” ადვოკატების პოზიცია დანაშაულის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენასთან დაკავშირებით.
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე - დაცვის მხარემ. „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა სააპელაციო ეტაპზე ბრალდების მხარეს წარუდგინეს წერილობითი პოზიცია განაჩენთან დაკავშირებით, რომელშიც დეტალურად დაასაბუთეს გენდერის ნიშნის არსებობა, რაც შემდგომში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა.
მსხვერპლ ქალსა და მის არასრულწლოვან შვილებს, რომელთა ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავს გამოძიების დაწყებიდანვე, დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული.
„უფლებები საქართველო“ აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.