აფგან მუხთარლიმ თბილისში პრესკონფერენცია გამართა
27 სექტემბერი, 2022აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 27 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა, სადაც ადვოკატთან, არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა და ხუთი წლის წინ საქართველოს დედაქალაქიდან თავისი გატაცების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა.
- „უფლებები საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და სოსო გოგაშვილის გამოკითხვას მოითხოვს
- აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია დაზუსტდა
პრესკონფერენციაზე მუხთარლიმ განსაკუთრებულ ყურადღება გაამახვილა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ ორი თვის წინ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც გოგაშვილმა მუხთარლის გატაცების ორგანიზებასა და აღსრულებაში ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამხილა.
მუხთარლიმ ასევე მოითხოვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფლებამოსილება შეუჩეროს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, ვიდრე ჟურნალისტის გატაცების საქმის გამოძიება არ დასრულდება.
ამ დრომდე მუხთარლის გატაცების საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა.
მუხთარლის ინტერესებს 2017 წლიდან დღემდე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავენ არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ ევროსასამართლოშიც.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან, 2017 წლის მაისში, დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს და გადასცეს აზერბაიჯანს, სადაც ის საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებით გაასამართლეს. 2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა.