„უფლებები საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და სოსო გოგაშვილის გამოკითხვას მოითხოვს
27 ივლისი, 2022ფოტო: 2021 წლის 8 აპრილი, თბილისი - აფგან მუხთარლის პრესკონფერენცია
დღეს, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ინტერესებს იცავს, გენერალურ პროკურორს შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატი ითხოვს სასწრაფოდ მოხდეს იმ გარემოებების გამოძიება და მოწმეების გამოკითხვა, რომელთა შესახებაც სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა საჯარო განცხადებები გააკეთა.
კერძოდ, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ 2022 წლის 26 ივლისს განაცხადა, რომ ჟურნალისტი აფგან მუხთარლი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით „სუს-ის ზონდერებმა“ გაიტაცეს, ხოლო სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა აღნიშნული დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გაანადგურა.
გოგაშვილის მიერ გახმაურებული ინფორმაციის მნიშვნელობის გათვალისწინებით, დაზარალებულმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ საჯაროდ გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, გოგაშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
შესაბამისად, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა გენერალური პროკურორის სახელზე წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საქმის ეფექტიანი გამოძიება, მოწმის (სოსო გოგაშვილის) უსაფრთხოების დაცვა, ასევე გოგაშვილის და მის მიერ დასახელებული, მუხთარლის საქმესთან კავშირში მყოფი პირების გამოკითხვა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან, 2017 წლის მაისში, დაუდგენებლმა პირებმა გაიტაცეს და გადასცეს აზერბაიჯანს, სადაც ის საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებით გაასამართლეს.
2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული.
2021 წლის აპრილში, მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა, სადაც მან ჩვენება მისცა საქართველოს პროკურატურას და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. იმავე პერიოდში, მუხთარლის მიენიჭა დაზარალებული სტატუსი და დაზუსტდა მისი საქმის კვალიფიკაცია.
მუხთარლის გატაცების საქმეზე ამ დრომდე არც ერთი პირის ბრალეულობა გამოკვეთილი არ არის. უფრო მეტიც, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი საქმის გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ 4 წლის შემდეგ მიენიჭა.
აფგან მუხთარლის ინტერესებს 2017 წლიდან დღემდე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავენ არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ ევროსასამართლოშიც.