ევროკავშირის მხარდაჭერით „უფლებები საქართველომ“ კახეთში უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრი გახსნა
7 ივნისი, 2022
2022 წლის 7 ივნისს თელავში არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი დახმარების ცენტრი გაიხსნა, რომელიც კახეთში მცხოვრებ გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უფასოდ მოემსახურება.
სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ კვალიფიციური იურისტები ბენეფიციარებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ, ასევე განახორციელებენ მათ წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე.
თელავში სამართლებრივი დახმარების ცენტრი საზეიმოდ გახსნეს ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის ოფიცერმა იურატე იუოდსნუკიტემ, „უფლებები საქართველოს“ დირექტორმა ლადო მკერვალიშვილმა და ASB საქართველო პროგრამის მენეჯერმა, ზვიად მოდებაძემ. ცენტრის გახსნას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სახალხო დამცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
„უფლებები საქართველოს“ დირექტორის ლადო მკერვალიშვილის განცხადებით, კახეთში სამართლებრივი დახმარების ცენტრის გახსნა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს რეგიონის მოსახლეობას, პირველ რიგში კი, ქალებს, აქტიურად დაიცვან თავიანთი უფლებები.
თელავში სამართლებრივი დახმარების ცენტრი გაიხსნა პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „უფლებები საქართველოს“ და კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით.
კახეთის გარდა, უახლოეს მომავალში სამართლებრივი დახმარების ცენტრები იმერეთსა და რაჭაშიც გაიხსნება.