ნატალია ილიჩოვას იურიდიული მხარდაჭერა „კარტოგრაფების საქმეზე“

პროექტის დასახელება: ნატალია ილიჩოვას იურიდიული მხარდაჭერა „კარტოგრაფების საქმეზე“
პროექტის ხანგრძლივობა:
პირველი ფაზა: ოქტომბერი, 2020 - დეკემბერი, 2020,
მეორე ფაზა: თებერვალი, 2021 - ივლისი, 2021
დაფინანსება: ფაზა 1: USD 6995; ფაზა 2: USD 9685
პროექტის მხარდამჭერი: ღია საზოგადოების ფონდი
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელებაში ბრალდებული, დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას, უფლებების სასამართლოში დაცვა და, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქმისწარმოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ნატლია ილიჩოვას ინტერესებს „უფლებები საქართველოს“ იურისტი, გიორგი მახარაძე, იცავს.
„კარტოგრაფების საქმის“ შესახებ:
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ორივე მათგანს საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრობის დროს აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის „გადაცემისკენ მიმართული ქმედება“ ედებათ ბრალად.
საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ორ სახელმწიფო ექსპერტს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს, „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“ მიმართულ ქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა, ივერი მელაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარმა ინსპექტორმა, ნატალია ილიჩოვამ სამთავრობო კომისიის წევრებს 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი დაუმალეს, რომელიც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უნდა გამოეყენებინათ და რომელიც საზღვრის დემარკაციისას საქართველოს პოზიციებს მნიშვნელოვნად ამყარებდა.
2021 წლის 28 იანვარს, სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება.