ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში

„უფლებები საქართველომ“ საერთაშორისო დაცვის მიმართულებით საქმიანობა 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) თანამშრომლობით დაიწყო.
UNHCR-ის ფინანსური მხარდაჭერით 2019 წლის იანვრიდან განგრძობითად ხორციელდება პროექტი - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება“.
პროექტის დასახელება: „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება“
პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი, 2019 წ - დეკემბერი, 2025 წ.
პროექტის მხარდამჭერი: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
პროექტის დაფინანსება წლების მიხედვით:
- 2019 წ. – 314,007.8 ₾
- 2020 წ. – 335,349.11 ₾
- 2021 წ. – 402,235.55 ₾
- 2022 წ. – 424,930.1 ₾
- 2023 წ. – 379,460.48 ₾
- 2024 წ. – 385,206.27 ₾
- 2025 წ. – 407,477 ₾
პროექტის მიზნები: საქართველოში ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება მათი სამართლებრივი მხარდაჭერისა და მათთვის სერვისებზე წვდომაში დახმარების გზით.
პროექტის აქტივობები ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:
I ამოცანა: ლტოლვილებისთვის, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის ხარისხიანი სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
აღნიშნული ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები:
- სამართლებრივი კონსულტაციისა და დახმარების გაწევა (როგორც ფიზიკურ, ისე დისტანციურ ფორმატში, მათ შორის, 24/7-ზე მოქმედი სპეციალური ცხელი ხაზის გამოყენებით) ახლად ჩამოსული უცხოელებისა თუ მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის; განსაკუთრებით, მათი ინფორმირება საქართველოში თავშესაფრის სისტემის, თავშესაფრის პროცედურების ნებისმიერი სტადიის მიმდინარეობის, აგრეთვე, მთლიანი პროცესის განმავლობაში მათი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, მათ შორის, მიმღებ ცენტრში (ე.წ. მარტყოფის მიმღებ ცენტრში) განთავსებისა და ვადების შესახებ;
- სამართლებრივი დახმარების გაწევა თავშესაფრის პროცედურების ყველა სტადიაზე და სასამართლოში წარმომადგენლობა სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეებზე, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში;
- ცალკეულ შემთხვევებში, წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე, პოზიტიური სამართალწარმოების და პრეცედენტული გადაწყვეტილებების შექმნის მიზნით, სამართლებრივი დახმარების გაწევა სხვა კატეგორიის საქმეებში, მათ შორის, ნატურალიზაციის, უფლებებზე და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ან დაკავების შემთხვევებში;
- ცალკეულ შემთხვევებში, თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრებაზე წარმომადგენლობა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ამ პროცესის მონიტორინგის მიზნით;
- იურიდიული დახმარების სამსახურთან აქტიური კოორდინაცია და თანამშრომლობა თავშესაფრის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეებსა თუ გამოწვევებთან დაკავშირებით;
- საჭიროებისამებრ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით, სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება, მასში მონაწილეობა, თარგმნა ან/და გავრცელება;
- თავშესაფრის სფეროში ორგანიზაციის საქმიანობის, თავშესაფრის სისტემის თაობაზე ინფორმაციის, აგრეთვე, პოზიტიური შედეგების ფართო საზოგადოებასთან კომუნიცირება ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით;
- სტატუსის მაძიებელი პირებისთვის იმ ინსტიტუტებისა და დაწესებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც სტატუსის მაძიებლებს სოციალურ და სხვა სახის დახმარებას უწევენ; ასევე, შესაბამისი უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონეთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების შესახებ ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
II ამოცანა: მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ხარისხიანი სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა
აღნიშნული ამოცანის მისაღწევად დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები:
- სამართლებრივი კონსულტაციისა და დახმარების გაწევა მოქალაქეობის არმქონე პირების ან ამგვარი რისკის წინაშე მყოფი პირებისთვის, მათ შორის, დასახელებული სტატუსის დადგენისთვის ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის ეტაპიდან სრული პროცედურების ჩათვლით. აგრეთვე, მთლიანი პროცესის განმავლობაში მათი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ინფორმირება;
- სამართლებრივი წარმომადგენლობა წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შერჩეული საქმეების როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ისე საერთო სასამართლოებში;
- განსაკუთრებულ შემთხვევებში ბენეფიციართა სამართლებრივი წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოებში;
- მოქალაქეობის არმქონეობის საკითხებთან, არსებულ გამოწვევებსა თუ ქვეყანაში არსებულ რეგულაციებთან/დანერგილ სერვისებთან დაკავშირებით საინფორმაციო პროდუქტების, მათ შორის, ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის შექმნა და გავრცელება ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით. დამატებით, საზოგადოების ინფორმირება მოქალაქეობის არმქონეობის ევროპულ ქსელთან (European Network on Statelessness - ENS) თანამშრომლობის ფარგლებში არსებული სიახლეების პოპულარიზაცია.