შესვლა

ბლოგი: ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვა

2 აგვისტო, 2021

ავტორი: ნანა მჭედლიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, „უფლებები საქართველოს“ გამგეობის წევრი

ამ ბლოგში განხილულია ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის ევროპული სტანდარტები. არის თუ არა ჟურნალისტის უფლება, დაიცვას თავისი წყაროს კონფიდენციალობა, აბსოლუტური უფლება და რა არის ის ღონისძიებები, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს ჟურნალისტის წყაროს იდენტიფიკაცია.

ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობა, როგორც გამოხატვის თავისუფლების ასპექტი

ინფორმაცია კომუნიკაციის ნაწილია, რომლითაც ვიგებთ მოვლენების, საკითხების, პიროვნებების შესახებ. ინფორმაცია შესაძლოა, საინტერესო და გასართობიც კი იყოს, მაგრამ მისი მთავარი ღირებულება მიმღები პირის უფლებამოსილებით აღჭურვა და გაძლიერების შესაძლებლობაა. სწორედ ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას ადამიანების ცხოვრებისთვის, განსაზღვრავს ჟურნალისტიკის პრინციპებსა და მიზანს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრესას დაცვის ძალზე ფართო ფარგლებს ანიჭებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი იცავს არა მარტო ინფორმაციის და შეხედულებების შინაარსს, არამედ მისი გადაცემის საშუალებებსაც. განსაკუთრებული დაცვა ენიჭება ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვა პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ასეთი დაცვის გარეშე, წყარომ შეიძლება, თავი შეიკავოს პრესის დახმარებისგან საზოგადოებისთვის იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაში, რომელზეც საზოგადოების ინტერესი არსებობს. ამან შეიძლება, დააზიანოს პრესის, როგორც „საზოგადოებრივი მოდარაჯის“, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი და შეზღუდოს მისი შესაძლებლობა, ზუსტი და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. 

ვინ ითვლება ჟურნალისტად

გაერთიანებული ერების, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ჟურნალისტად მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი და სხვა ტრადიციული მედია აქტორი აღარ ითვლება. ეს ტერმინი მოიცავს სხვა აქტორებსაც, რომლებსაც წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ დისკუსიაში, ასრულებენ ჟურნალისტურ საქმიანობას, ან ასრულებენ „საზოგადოებრივი მოდარაჯის“ ფუნქციებს: მაგალითად, ბლოგერები და სხვები, რომლებიც ეწევიან თვითპუბლიკაციას, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებას ახდენენ საზოგადოების ინტერესის მქონე საკითხებზე. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, მედია აქტორმა, შესაძლოა, საერთოდ ვერ ისარგებლოს ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის პრივილეგიით. 

არის თუ არა ჟურნალისტის უფლება, არ გაამხილოს წყარო, აბსოლუტური უფლება?

ზემოთ განხილულ შემთხვევაში წყაროს დაცვა რელევანტური არ იყო, მაგრამ იმ საქმეებზე, რომლებზეც ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის პრივილეგია ვრცელდება, არის თუ არა ჟურნალისტის უფლება, არ გაამხილოს თავისი წყარო, აბსოლუტური უფლება?  

ამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ერთი შეხედვით, განსხვავებულ სტანდარტს ადგენს. 

ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ჟურნალისტისთვის წყაროს გამხელის ვალდებულების დაკისრება არ შეიძლება, შესაბამისობაში იყოს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი გამართლებულია საჯარო ინტერესის მოთხოვნით, რომელიც ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობას გადაძალავს. სასამართლოს ასეთი ფორმულირება გულისხმობს, რომ ჟურნალისტის უფლება, დაიცვას თავისი წყაროს კონფიდენციალობა არ არის აბსოლუტური და შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ასეთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს, მაგალითად, როგორც ერთ-ერთ საქმეზე დადგინდა, არასრულწლოვანის წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულის პრევენცია.

მეორე მხრივ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს აბსოლუტურ დაცვას ითვალისწინებს - „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.“ იმავე კანონში მოცემული განმარტებით, აბსოლუტური პრივილეგია კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას ნიშნავს.

ზემოთ მოყვანილი სტანდარტები მხოლოდ ერთი შეხედვითაა განსხვავებული. ევროპული სასამართლო მე-10 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის მართლზომიერების შემოწმებისას ითვალისწინებს კანონიერების პრინციპს. ანუ, რამდენად არის ასეთი შეზღუდვა ეროვნული კანონმდებლობით ნებადართული. ზემოთ განხილული ლეგიტიმური მიზნის (რაც შეიძლება იყოს, მაგალითად, დანაშაულის გახსნა/პრევენცია) მისაღწევად გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის თანაბარზომიერების შეფასებამდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამოწმებს, რამდენად აქვს ჩარევას კანონიერი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული გულისხმობს იმის შემოწმებას, დაშვებულია თუ არა ჟურნალისტის წყაროს გამხელის ვალდებულების დაკისრება ეროვნული კანონმდებლობით. თუ ჩარევა ნებადართული არ არის, დამატებით აღარ განიხილება ჩარევის ლეგიტიმური მიზანი და არც მისი „აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ჩარევა უკვე დარღვევის ტოლფასია. 

აქედან გამომდინარე, ჟურნალისტის წყაროს გამხელის დავალდებულება საქართველოს კონტექსტში გამორიცხულია, რომ მართლზომიერი იყოს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თვალსაზრისით. 

ჟურნალისტის წყაროს იდენტიფიცირება

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გარდა, ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობა დაცულია ევროპის რეგიონში მიღებული სხვა აქტებითაც, მათ შორისაა: მასმედიის პოლიტიკის შესახებ მე-4 ევროპულ მინისტერიალურ კონფერენციაზე 1994 წელს მიღებული ჟურნალისტის თავისუფლებებისა და უფლებების შესახებ რეზოლუცია, ევროპული პარლამენტის 1994 წლის რეზოლუცია ჟურნალისტის წყაროების კონფიდენციალობის შესახებ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის რეკომენდაცია No. R(2000) 7 ჟურნალისტების უფლებაზე, არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2000 წლის რეკომენდაცია No. R(2000) 7 ჟურნალისტების უფლებაზე, არ გაამჟღავნონ ინფორმაციის წყარო, ტერმინთა განმარტებებს ითვალისწინებს. რეკომენდაციის თანახმად, „ინფორმაცია“ გულისხმობს ფაქტის შემცველ ნებისმიერ  განცხადებას თუ მოსაზრებას, რომელსაც აქვს ტექსტური, ხმოვანი ფორმა თუ გამოსახულება. „წყარო“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც აწვდის ინფორმაციას ჟურნალისტს. „წყაროს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“ მოიცავს ნებისმიერ შემდეგ ინფორმაციას, რომლითაც შესაძლოა წყაროს დადგენა:

ა) წყაროს სახელი, გვარი და პერსონალური მონაცემები, აგრეთვე მისი ხმა და გამოსახულება;
ბ) ფაქტობრივი გარემოებები, რომლებშიც ჟურნალისტმა ინფორმაცია მოიპოვა წყაროსგან;
გ) წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოუქვეყნებელი ნაწილი; 
დ) ჟურნალისტის და მათი დამსაქმებელის პერსონალური მონაცემები, რომლებიც მათ პროფესიულ საქმიანობას შეეხება. 

ერთ-ერთ საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ ინფორმაციის გამოუქვეყნებელი ნაწილის ამოღებამ შეიძლება, გამოიწვიოს ჟურნალისტის წყაროს იდენტიფიცირება - პოლიციის მიერ გამომცემლობიდან მასალების ამოღებას შეეძლო ჟურნალისტის წყაროს დადგენა. გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენისას, დიდმა პალატამ ეროვნულ დონეზე ადეკვატური სამართლებრივი გარანტიების არარსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა. ვინაიდან არ არსებობდა სამართალწარმოება სათანადო გარანტიებით, რომლის მეშვეობითაც განმცხადებელ კომპანიას შეეძლო ედავა, რამდენად გადაძალავდა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიება ჟუნრალისტის წყაროს დაცვის ინტერესს, დიდმა პალატამ დაადგინა, რომ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ იყო კანონის შესაბამისი. 

ზემოთ აღინიშნა, რომ როცა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ არის კანონმდებლობით ნებადართული, კანონიერების მოთხოვნა დარღვეულია. როდესაც ეროვნული კანონმდებლობით უფლებაში ჩარევა ნებადართულია, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს თვითნებობისგან დაცვის რეალურ სამართლებრივ გარანტიებს, კანონიერების მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც დარღვეულია. ასეთ შემთხვევაშიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩარევის დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობაზე ყოველგვარი მსჯელობის გარეშე ადგენს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.

საქართველოს შემთხვევაში კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს გარანტიებს, სათანადო სამართალწარმოების ფარგლებში ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დასაცავად და არა ჩარევის თანაბარზომიერების  შესაფასებლად, რადგან ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის უფლებაში ჩარევა, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კანონმდებლობით ყველა შემთხვევაში გამორიცხულია. 

ამ თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს მტკიცებულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინება კონფიდენციალური ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილის გამხელასთან დაკავშირებით, რომლის გამხელის აუცილებლობაც დამტკიცდა“. პრობლემატურია აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლები 129 და 141, რომლებიც სასულიერო პირს განსაზღვრავს იმ პირად, რომლისგანაც არ შეიძლება ახსნა-განმარტების მიღება და რომელთა მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია, მაგრამ არა ჟურნალისტს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი პროფესიული საიდუმლოების ცნებას საერთოდ არ ცნობს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, 50-ე მუხლი ითვალისწინებს ჟურნალისტს, როგორც იმ პირს, რომელიც არ არის ვალდებული იყოს მოწმე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჟურნალისტის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ უკავშირდება მათ მიერ პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას. ამოღების და ჩხრეკის შემთხვევაში ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვა არ არის გათვალისწინებული. 

***

ბლოგი მომზადდა პროექტის - გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და არ ასახავს საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს პოზიციებს.

 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!