შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან

23 ივლისს, „უფლებები საქართველომ“ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გააცნო.
შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებები უკავშირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაინტერესებული პირის ცნების გადახედვას, ასევე ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის დანაშაულებრივი შემადგენლობის გაფართოებასა და ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის დაცვის დამატებით გარანტიებს.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შემუშავდა „უფლებები საქართველოს“ მიერ გამოხატვის თავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების შესახებ მომზადებული კვლევის საფუძველზე.
კვლევა და მის მის საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მომზადდა ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ 2020 წლის სექტემბრიდან ახორცილებს.
„უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს ასევე გააცნეს „მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.