შესვლა

სასამართლომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ლექტორის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

20 ივლისი, 2021

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვის გამო განთავისუფლებულ ლექტორს თსუ მატერიალურ და მორალური ზიანს აუნაზღაურებს

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ყოფილმა ლექტორმა, დავით ნიჟარაძემ, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, უნივერსიტეტის წინააღმდეგ სასამართლოში დავა მოიგო.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ თსუ, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვის გამო, დავით ნიჟარაძეს დისკრიმინაციულად მოეპყრო. შესაბამისად, სასამართლომ უნივერსიტეტს ლექტორის სასარგებლოდ, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 4350 ლარის გადახდა დააკისრა.

დავით ნიჟარაძის ინტერესებს სასამართლოში „უფლებები საქართველოს“ იურისტი, რუსუდან მჭედლიშვილი იცავდა.

დავით ნიჟარაძე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ლექციებს წლების განმავლობაში კითხულობდა და ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებებს ღიად გამოთქვამდა. საკუთარი შეხედეულებების ღიად დაფიქსირების გამო, ფაკულტეტის ადმინისტრაცია კრიტიკულად განწყობილ ლექტორს დისკრიმინაციულად მოეპყრო, რის გამოც მან ვერ შეძლო აკადემიური თანამდებობის დაკავება. მოგვიანებით კი, ფაკულტეტის დეკანმა მასთან, როგორც მოწვეულ ლექტორებთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაც არ ისურვა.

„უფლებები საქართველოს“ იურისტმა რუსუდან მჭედლიშვილმა თსუ-ს წინააღმდეგ მოამზადა სარჩელი. აღნიშნული სარჩელი, სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად, ეყრდნობოდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2020 წლის თებერვალში გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენმა თსუ-ს მხრიდან კრიტიკულად განწყობილი ლექტორის მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

რუსუდან მჭედლიშვილი თსუ-ს მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტზე კიდევ ერთ ლექტორს იცავს, რომლის საქმეც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!