ბლოგი: როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების წინააღმდეგ

ავტორი: გური ბალიაშვილი, „უფლებები საქართველოს“ მკვლევარი
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაცია საქართველოში, კვლავაც არაერთი გამოწვევის წინაშეა, რაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა 2021 წლის 5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენებით.
2013 წლიდან მოყოლებული LGBTQI+ თემის წარმომადგენლები არაერთ წინაღობას აწყდებიან მშვიდობიანი მანიფესტაციის ღია სივრცეში ჩატარების თვალსაზრისით, რაც დიდ წილად ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების მხრიდან მომდინარე რეალურ და მყისიერ საფრთხეში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ LGBTQI+ თემის შეკრება, როგორც წესი, წინასწარ დაანონსებულია და სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებს აქვთ გონივრული დრო შეიმუშაონ გეგმა თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას - დაიცვას უმცირესობების წარმომადგენლები. ამასთანავე, 5 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულმა პოზიციებმა - ღირსების მარშის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ წაახალისა რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები, რამაც ღირსების მარშის გაუქმების პირობებში, მთავარ სამიზნედ მედიის წარმომადგენლები აქცია და 50-ზე მეტი ჟურნალისტის და ოპერატორის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში გადაზარდა.
სახელმწიფოს ვალდებულებები შეკრება-მანიფესტაციის რეალიზების პროცესში
სახელმწიფო იქმნება იმისათვის, რომ დაცულ იქნას თითოეული ადამიანის უფლება და არა მხოლოდ თვითგამოცხადებული „უმრავლესობის“ ინტერესები. სახელმწიფო უწყებებმა არა მხოლოდ თავი უნდა შეიკავონ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპირდაპირი შეზღუდვებისგან, არამედ ხელი შეუწყონ ამ უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დაცვის ველის არსებობა კრიტიკულად აუცილებელია. უმცირესობებს და მოწყვლად ჯგუფებს შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ მათთვის საქართველოს კონსტიტუციით და არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით მინიჭებული თავისუფლებების ჯანსაღად და ჯეროვნად რეალიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს უმოქმედობა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზების თვალსაზრისით მსუსხავი ეფექტის ფორმირებას, რაც საფუძველს აცლის დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს იდეას, სადაც ყველასათვის როგორც უმრავლესობისათვის, ისე უმცირესობისათვის დეკლარირებულია ძირითად უფლებაზე წვდომა. აქედან გამომდინარე, უფლების და თავისუფლებების ეფექტიანი სარგებლობის გარანტირება, სახელმწიფოს უმთავრესი პრეროგატივაა.
სახელმწიფოს ერთგვარი ღია ფანჯრის პრინციპი უნდა ჰქონდეს დაწესებული, რაც გულისხმობს მშვიდობიანი მანიფესტანტებისთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის შეკრების ფორმის, ადგილის და დროის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. სახელმწიფოს მიერ ერთგვარი ხელშეწყობის პრინციპი ყველაზე ღიად და აშკარად ირღვევა მაშინ, როდესაც საქმე ეხება უმცირესობების, განსაკუთრებით, LGBTQI+ თემის წევრების მიერ დაორგანიზებულ მშვიდობიან შეკრებებს. სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი პოზიტიური ვალდებულებების თითქოს „შეუძლებელი“განუხორციელებლობა იწვევს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით აღიარებული ძირითადი უფლებების უხეშ დარღვევას.
სახელმწიფოს უშუალო კონსტიტუციური ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარებას, როგორც დაგეგმვის, ისე უშუალოდ მიმდინარეობის პროცესში. ხელისუფლებამ ყველა ეფექტიანი და ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს შეკრების ფასილიტაციისათვის: მათ შორის საპოლიციო ძალებისა და სხვა სამსახურების მობილიზებით, რათა უმცირესობისათვის თვალნათლივ იყოს წარმოჩენილი დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციის სულისკვეთების ეფექტიანი დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ნებისმიერი შეკრება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით დაცული არ არის
ნებისმიერი შეკრება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით დაცული არ არის. მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების განხორციელებაა გარანტირებული, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებით. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ფარგლები გრძელდება იქამდე, სადამდეც შეკრება არის არაძალადობრივი, არადესტრუქციული და კანონიერი. მშვიდობიანი შეკრების უფლება იცავს პირთა არაძალადობრივ შეკრებას კონკრეტული, ძირითადად, ექსპრესიული მიზნებისათვის.
საქმეში ტარანტენკო და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ქცევა, რომელიც არ წარმოადგენს „მშვიდობიანი შეკრების“ თავისუფლების უფლების გამოყენებას, არ წარმოადგენს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით (შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება) დაცულ შეკრების ფორმას.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ქრისტიან დემოკრატთა სახალხო პარტია მოლდოვის წინააღმდეგ, გააკეთა საკმაოდ მნიშვნელოვანი განმარტება მშვიდობიან შეკრებასა და მის ფარგლებზე. სასამართლომ განმარტა, რომ შეკრება მიიჩნევა მშვიდობიანად, თუ ორგანიზატორები აშკარად გამოხატავენ მშვიდობიანობის განზრახვას. ეს პრეზუმფცია მოქმედებს მანამ, სანამ არ იარსებებს მყარი, აშკარა და რეალური მტკიცებულება იმისა, რომ ორგანიზატორები და თავად შეკრების მონაწილეები თვითონ არ განიზრახავენ, ადვოკატირებას და წახალისებას არ უწევენ, ან საკუთარი ქმედებებით არ იწვევენ გარდაუვალ ძალადობას.
იმ შემთხვევაში თუ შეკრების ორგანიზატორები ან ინდივიდუალური პირები საკუთარი ქმედებებით შეკრების მშვიდობიანობას საფრთხეს უქმნიან, სახელმწიფოს ვალდებულებაა განარიდოს მოძალადეები. შესაბამისად, ნებისმიერი შეკრების დროს შეკრების მშვიდობიანობა პრევალირებს და სახელმწიფომ უნდა მოახერხოს პროპორციული ზომებით ძალადობის პრევენცია და მასზე სათანადო რეაგირება.
2015 წელს, სექსუალური უმცირესობის მიერ ორგანიზებული შეკრებების და კონტრდემონსტრაციების მართვასთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გააკეთა მნიშვნელოვანი განმარტებები. კერძოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სექსუალური უმცირესობების მიმართ ქართული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებმა იცოდნენ, ან ან მათ უნდა სცოდნოდათ მოსალოდნელი დაძაბულობის რისკები, რომლებიც დაკავშირებული იყო მომჩივანი ორგანიზაციის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ გარე მსვლელობასთან. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება გამოეყენებინა ყველა შესაძლო საშუალება, როგორც დემონსტრაციამდე, ისე დემონსტრაციისას, რათა მოეხდინა ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება ისევე როგორც, გაეფრთხილებინა პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მსგავსი კონტრდემონსტრაციების პროცესში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სასწრაფო და სახანძრო ქვედანაყოფების ადგილზე მობილიზება. ასევე, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სამართალდამცავთა განლაგება, რათა, ერთი მხრივ, დაიცვას უმცირესობის წარმომადგენლები და ხელი შეუწყოს მათთვის შეკრების ჩატარებას და დამთავრებას, ხოლო, მეორე მხრივ, აღკვეთოს კონტრდემონსტრანთა მხრიდან ძალადობა და ძალადობის მუქარა.
სახელმწიფოს როლი მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში
5 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა, მედიის წარმომადგენლები ძალადობრივი ჯგუფების მთავარ სამიზნედ აქცია, რაც 50-ზე მეტი ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში გამოიხატა. სახელმწიფომ არათუ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება, არამედ საჯარო განცხადებებით განხორციელებულ ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა.
ეუთოსა და ვენეციის კომისიის სტანდარტების შესაბამისად, მედიას განსაკუთრებული როლი აქვს კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ ნებისმიერ სახელმწიფოში, რადგან ისინი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ფუნქციას ახორციელებენ. მათი, როგორც საზოგადოებრივი მეთვალყურის როლი გარდამტეხია შეკრება-მანიფესტაციის გაშუქებისას, რადგან მათ მიერ მოპოვებული ჩანაწერები შესაძლოა მნიშვნელოვანი წყარო გახდეს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისას. სწორედ ამიტომ, შეკრებების დროს, სამართალდამცავმა ორგანოებმა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ მედიის უსაფრთხოება, განურჩევლად იმისა, ისინი წარმოადგენენ ეროვნულს თუ უცხოურს. გარდა ამისა, პოლიციას უნდა ჰქონდეს მედიასთან მუდმივი კონტაქტი, რათა ნებისმიერი სახის კონფლიქტი თავიდან იქნას არიდებული.
საქმეში ნაჯაფლი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც აღნიშნავს მედიის როლის მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით შეკრება-მანიფესტაციის გაშუქებისას და სახელმწიფოს ავალდებულებს მათდამი მაქსიმალური დაცვის საშუალების გამოყენებას, რათა ერთი მხრივ არ შეეშალოთ ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში, ხოლო, მეორე მხრივ, დაცულ იქნას მათი ფიზიკური ჯანმრთელობა.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები და, ღირსების მარშის მიზანშეუწონლობაზე საუბრით, წაახალისა რადიკალური დაჯგუფებების ძალადობა, რამაც შეუძლებელი გახადა LGBTQI+ თემისთვის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების რეალიზება.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფომ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება და ამით კიდევ ერთხელ უგულებელყო მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო დოკუმენტებით დაკისრებული ვალდებულებები.
მიუხედავად შესაბამისი წინაპირობების არსებობისა, 5 და 6 ივლისს, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარა ძალადობრივი ჯგუფების დანაშაულებრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირება.
***
ბლოგი მომზადდა პროექტის - მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და არ ასახავს არც ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის და არც ევროკავშირის პოზიციებს.