შესვლა

ბლოგი: სიძულვილის ენა და მისგან მომდინარე საფრთხეები

12 ივლისი, 2021


ავტორი: ნანა მჭედლიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, „უფლებები საქართველოს“ გამგეობის წევრი
 

ამ ბლოგში განხილულია სიძულვილის ენა, მისი გამოხატვის ფორმები, ვის წინააღმდეგ არის მიმართული სიძულვილის ენა და მასთან ბრძოლის საუკეთესო გამოცდილება ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების მიხედვით, აგრეთვე ის საფრთხე, რაც შეიძლება გამოიწვიოს სიძულვილის ენაზე რეაგირების არქონამ.

სიძულვილის ენა და მისი გამოხატვის ფორმები

სიძულვილის ენა არ გულისხმობს გამოხატვას, რომელიც უბრალოდ შეურაცხყოფელი, გესლიანი ან გულსატკენია. სიძულვილის ენის გამოყენება გულისხმობს ინდივიდის გაუმართლებელ ვარაუდს, რომ ის რამენაირად მაღლა დგას იმ პირსა თუ პირთა ჯგუფზე, რომლის წინააღმდეგაც იყენებს სიძულვილის ენას.  

სიძულვილის ენა ნიშნავს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ სიძულვილს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმსა თუ სიძულვილის სხვა ფორმებს შეუწყნარებლობის საფუძველზე, აგრესიული ნაციონალიზმითა და ეთნოცენტრიზმით გამოხატული შეუწყნარებლობის, უმცირესობების, მიგრანტების და იმიგრანტული წარმოშობის მქონე ხალხის წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის და მტრული დამოკიდებულების ჩათვლით.

სიძულვილის ენად ჩაითვლება რასის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეროვნული თუ ეთნიკური წარმოშობის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, ენის, რელიგიის თუ მრწამსის, სქესის, გენდერის, გენდერული იდენტობის, სექსუალური იდენტობის და სხვა პერსონალური მახასიათებლის თუ სტატუსის საფუძველზე პირის ან პირთა ჯგუფის დამცირების, სიძულვილის, ძაგების ნებისმიერი ფორმით ადვოკატირება, ხელშეწყობა, წაქეზება, აგრეთვე ნებისმიერი შევიწროება, შეურაცხყოფა, ნეგატიური სტერეოტიპირება, სტიგმატიზაცია ან მუქარა ასეთ პირთან ან პირთა ჯგუფთან მიმართებით და გამოხატვის ყველა ჩამოთვლილი ფორმის გამართლება.

სიძულვილის ენა ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს სიძულვილს, ძალადობას და დისკრიმინაციას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სხვადასხვა მიზეზით. გამოხატვა შეიძლება მოიცავდეს სასამართლოს მიერ დადგენილი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ან ომის დანაშაულების საჯაროდ უარყოფას, გაუბრალოებას, გამართლებას ან მიმნებებლობას ანდა იმ პირთა განდიდებას, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს.

გამოხატვა შეიძლება განხორციელდეს დაწერილი ან ზეპირად წარმოთქმული სიტყვით ან სხვა ისეთი ფორმით, როგორიცაა ფოტო, ნახატი, კარიკატურა, ნიშანი, სიმბოლო, მუსიკალური ნაწარმოები, პიესა თუ ვიდეო. შეიძლება იდეის, მესიჯის თუ შეხედულების გამოხატვა ჩაცმულობით ან ქცევით, როგორიცაა, მაგალითად, ჟესტი.

ვის წინააღმდეგ არის სიძულვილის ენა მიმართული?

სიძულვილის ენა, როგორც წესი, მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ, მათი რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, მოქალაქეობის, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის და სხვა დაცული საფუძვლების გამო. 
შეიძლება თუ არა, რომ, სიძულვილის ენა მიმართული იყოს, მაგალითად, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ? საქმეზე სავა ტერენტიევი რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოუწია, განემარტა, რომ პოლიცია, როგორც საჯარო უწყება, ვერ განიხილებოდა მოწყვლად ჯგუფად, რომელიც სიძულვილის ენის კონტექსტში განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. პოლიციას, როგორც სამართალდამცავ ორგანოს, განსაკუთრებული თმენის ვალდებულება ეკისრება შეურაცხმყოფელ გამოხატვასთან დაკავშირებით. ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა წამაქეზებელი გამოხატვა შეიძლება გარდაუვლად და მყისიერად იწვევდეს პოლიციის პერსონალის წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს, უქვემდებარებდეს მათ ფიზიკური ძალადობის რეალურ რისკს. აღნიშნულ საქმეზე, ონლაინ პოსტებიდან მსგავსი საშიშროება არ იკვეთებოდა, ხოლო ეროვნულ დონეზე ვერ დასაბუთდა, თუ რატომ უნდა სჭირდებოდეს პოლიციას, როგორც სოციალურ ჯგუფს, განსაკუთრებული დაცვა, ის რითაც მოწყვლადი ჯგუფები სარგებლობენ.

სიძულვილის ენისგან მომდინარე საფრთხე, მასზე რეაგირება და რეაგირების არარსებობის შედეგები

სიძულვილის ენა საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების ერთიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობას. ეს არის დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის ფორმა, რომელიც ხელს უწყობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენას და მასზე რეაგირების არარსებობას ძალადობა და ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია.

ამ თვალსაზრისით, პოლიტიკოსებს, რელიგიურ და საზოგადოებრივ წინამძღვრებს განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან მათ ფართო აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. დაუშვებელია იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც იყენებენ სიძულვილის ენას და საჭიროა ორგანიზაციების აკრძალვა, რომლებიც იყენებენ სიძულვილის ენას ძალადობის, ჩაგვრის, მტრული ან დისკრიმინაციული მოპყრობის გამოყენების წასაქეზებლად ან, როცა ასეთი ენის გამოყენებას გონივრულად შეიძლება  აღნიშნული შედეგი მოჰყვეს.

სიძულვილის ენაზე რეაგირება აუცილებელია დისკრიმინაციის ამ ფორმის პრევენციის და დაგმობისთვის. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) ეროვნულ დონეზე სიძულვილის ენასთან ქმედითი ბრძოლის საშუალებად თვითრეგულაციას და ეთიკის კოდექსებს მიიჩნევს. ამ მექანიზმების გამოყენება სიძულვილის ენის პრევენციისა და მისი დაგმობისთვის უნდა წახალისდეს. სიძულვილის ენაზე რეაგირება უნდა ემსახურებოდეს ინდივიდებისა და პირთა ჯგუფების და არა რაიმე რელიგიის, შეხედულებების თუ იდეოლოგიის დაცვას. შესაბამისად, იმ პირებს, რომლების წინააღმდეგაც სიძულვილის ენა არის მიმართული, უნდა შეეძლოთ ამის საწინააღმდეგო გამოხატვა და სიძულვილის ენის დაგმობა შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში. ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, ნეგატიური საჯარო განცხადება სოციალური ჯგუფის წინააღმდეგ, აძლევს უფლებას ამ ჯგუფის წევრს, თუნდაც კონკრეტულად არ იყოს დასახელებული, მოითხოვოს დაცვა კონვენციის  მე-8 (პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებით. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შემწყნარებლობა და ყველა ადამიანის ღირსების თანაბრად  დაცვა შეადგენს დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების საფუძველს. შესაბამისად, ევროპული სასამართლოც მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია, სანქციებს ექვემდებარებოდეს და იყოს აღკვეთილი ყველა სახის გამოხატვა, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ სიძულვილს, იმ პირობით, რომ ასეთი „შეზღუდვა“ თუ „სანქცია“ დასახული ლეგიტიმური მიზნის თანაბარზომიერი იქნება.

ECRI-ის შეხედულებით, სიძულვილის ენის გამოყენება შეიძლება მიზნად ისახავდეს, ან მას შეიძლება მოჰყვეს სხვა პირთა წაქეზება, იძალადონ, დააშინონ, მტრულად ან დისკრიმინაციულად მოეპყრონ იმ პირებს, რომლის წინააღმდეგაც სიძულვილის ენა მიმართულია. საქმეზე კილინი რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გაიზიარა ევროპული კომისიის მოსაზრება, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება აღნიშნული ახასიათებდეს. ეს არის სიძულვილის ენის განსაკუთრებულად მძიმე ფორმა, რომელიც სისხლის სამართლის წესით უნდა ისჯებოდეს. 

საქმეზე ასოციაცია Accept და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა, რომ ის სიფრთხილეს იჩენს და არ ადგენს, რომ სიძულვილის ენის ყველა შემთხვევა, როგორც ასეთი, სისხლის სამართლის წესით უნდა ისჯებოდეს. მიუხედავად ამისა, გამოხატვა, რომელიც სიძულვილის ენას და ძალადობის მოწოდებას შეადგენს, სახელმწიფოსგან სწორედ მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რომ LGBT მსვლელობის დროს დანაშაული იყო ჩადენილი. მათ შორის, მუქარა „სიკვდილი ჰომოსექსუალებს“ დანაშაულს არ შეადგენდა. ევროპული სასამართლოს შეფასებით კი, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის შეურაცხყოფა, დაცინვა და აუგად მოხსენიება საკმარისი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, რომ იბრძოლოს უპასუხისმგებლოდ განხორციელებულ გამოხატვის წინააღმდეგ.

საქმეზე ჟდანოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ზნეობის დაცვის საფუძველი LGBT თემებზე დისკუსიის აკრძალვას არ ამართლებს; ოჯახური ტრადიციების და ქორწინების ინსტიტუტის შენარჩუნებასა და ჰომოსექსუალობის საზოგადოებრივ აღიარებას შორის შეუსაბამობაზე მითითება არგუმენტი არ არის; ევროპული კონვენცია არ იცავს პირის უფლებას, არ ჰქონდეს შეხება ჰომოსექსუალური ურთიერთობების გამოხატვასთან, ჰომოსექსუალ და ჰეტეროსექსუალ პირთა  თანასწორობის შესახებ იდეებთან; სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება, თუნდაც მათი მართლზომიერი იდეები შეურაცხყოფდეს სხვა პირებს; პირებს უნდა შეეძლოთ შეკრება ძალადობის შიშის გარეშე. სახელმწიფომ ასეთ ვითარებაში პლურალიზმთან ბრძოლით, შეკრების თავისუფლების შეზღუდვით კი არ უნდა აღმოფხვრას დაძაბულობის კერა, არამედ უზრუნველყოს, რომ მოწინააღმდეგე ჯგუფებმა ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლობა გამოიჩინონ. ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს საჯარო განცხადებები, რომ უპირობოდ მხარს უჭერს შემწყნარებლობას, გააფრთხილოს პოტენციური აგრესორები სავარაუდო სანქციებზე.

საქმეზე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ დღის აღსანიშნავად გამართულ მსვლელობაზე თავდასხმა LGBT თემის მიმართ მტრულად განწყობილი პირების მიერ მოხდა. ამ ძალადობამ, რომელიც სიძულვილის ენისა და მუქარისგან შედგებოდა და რასაც თან ახლდა სპორადული ფიზიკური ძალადობა, კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული არასათანადო მოპყრობა შეადგინა, დისკრიმინაციის აკრძალვასთან ერთობლიობაში. სახელმწიფომ იცოდა იმ საფრთხის შესახებ, რაც LGBT თემს, მათ მხარდამჭერებს ემუქრებოდა და არ მიიღო შესაბამისი ზომები, რასაც გონივრული შეფასებით, ასეთი საფრთხე თავიდან უნდა აეცილებინა. პოლიციის თანამშრომლები დემონსტრაციაზე შეზღუდული რიცხოვნობით იყვნენ წარმოდგენილნი და როდესაც ბრბომ განმცხადებლების წინააღმდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაშორდა შემთხვევის ადგილს, რითაც შესაძლებლობა მისცა დაძაბულობას, რომ ფიზიკურ ძალადობაში გადაზრდილიყო. როდესაც მათ, როგორც იქნა, გადაწყვეტეს ჩარევა, დემონსტრანტები უკვე დაექვემდებარნენ ბულინგს და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, სახელმწიფომ ქმედითად არ გამოიძია ძალადობის ინციდენტები, არ გამოკვეთა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

მიუხედავად იმისა, რომ იდენტობის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წელს იქნა მიღებული, სიძულვილის ენის გამოყენება და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენა საქართველოში კვლავაც გრძელდება. სიძულვილის პროპაგანდით,  საზოგადოების გარკვეული წევრები, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად განიხილებიან. ამას უნდა აღკვეთდეს ხელისუფლება, ამას ებრძვის მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ზოგადად, „საზოგადოებრივი მოდარაჯეები“, რომლებიც სახელმწიფოსგან შესატყვისი საკანონმდებლო და პრაქტიკული გარანტიებით უნდა იყვნენ დაცულნი. 

ხშირად ამბობენ, რომ საქართველო უძველესი ტრადიციების ქვეყანაა, რომ მას შემწყნარებლობის საუკუნოვანი ტრადიციები აქვს. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან გადარჩენილი სიუზან პოლაკი ამბობს, რომ ჰოლოკოსტი ბარბაროსებს არ ჩაუდენიათ. ეს არ იყო პრიმიტიული საზოგადოება. პირიქით, ეს იყო განვითარებული ერი. ყველაფერი დაიწყო სიძულვილის პროპაგანდიდან. „სიძულვილი იწყება პატარა წყაროდან, მაგრამ მას აქვს პოტენციალი, გაძლიერდეს, ამოხეთქოს და როცა ეს მოხდება, მისი შეჩერება დაგვიანებული იქნება“.

***

ბლოგი მომზადდა პროექტის - გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და არ ასახავს საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს პოზიციებს.


 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!