„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, უზენაესმა სასამართლომ ყოფილი მსჯავრდებული გაამართლა

„უფლებები საქართველოს“ იურისტის, დიმიტრი ხაჩიძის ძალისხმევით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ყოფილი მსჯავრდებული, გიორგი ქართველიშვილი, გაამართლა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ გიორგი ქართველიშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია. დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ 2007 წელს, სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში მყოფი პატიმარი, გიორგი ქართველიშვილი ისე გაასამართლეს საკანში აკრძალული ნივთის შენახვის ბრალდებით, რომ სასამართლოზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არც ერთი მოწმე არ დაუკითხავთ. ქართველიშვილს აკრძალული ნივთის შენახვის გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2019 წელს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ აკრძალული ნივთის შენახვის საქმეზე ქართველიშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, დიმიტრი ხაჩიძემ, შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქმის გადასინჯვა და ქართველიშვილის გამართლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა „უფლებები საქართველოს“ მოთხოვნა საქმეზე გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე. გადაწყვეტილება გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით „უფლებები საქართველოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გიორგი ქართველიშვილი გამართლებულ იქნა წარდგენილ ბრალდებაში.
ქართველიშვილის საქმის წარმოება განხორციელდა პროექტის - „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით” - ფარგლებში, რომელსაც 2018-2019 წლებში ახორციელებდა „უფლებები საქართველოს“ (მაშინდელი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.