სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა სომალის მოქალაქისთვის საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, დიანა ფარქოსაძის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, „უფლებები საქართველოს“იურისტის, რუსუდან მჭედლიშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა სომალის მოქალაქე ა.მ.ა.-სთვის საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
შსს მიგრაციის დეპარტამენტის უარს ა.მ.ა.-სთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ განმცხადებელს ჰქონდა შიდა გადაადგილების ალტერნატივა სომალილენდში, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას წარმოშობის ქვეყანაში (სომალი) და მათ შორის სომალილენდში დაბრუნების შემთხვევაშიც დაემუქრებოდა საფრთხე.
შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს საერთაშორისო დაცვის მინიჭებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს და მიგრაციის დეპარტამენტს დაავალა, სომალის მოქალაქე ა.მ.ა.-სთვის საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება.
სომალის მოქალაქეს სამართლებრივი დახმარება გაეწია პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით ახორციელებს.