მედიისა და ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

„უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, 17-18 აპრილს, იყალთოში, ჩატარდა გასვლითი ტრენინგი, თემაზე - „მედია და ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა“, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა, გამოხატვის თავისუფლება სუბიექტების მიხედვით, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტების ჭრილში, საგანგებო მდგომარეობა და მედიის თავისუფლება.
ტრენინგს უძღვებოდნენ: ნანა მჭედლიძე - „უფლებები საქართველოს” საერთაშორისო სამართლის ექსპერტი; მარიამ გოგოსაშვილი - „უფლებები საქართველოს“ გამგეობის წევრი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; ასევე ანი მუხიგულაშვილი - „უფლებები საქართველოს“ იურისტი.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „გამოხატვის თავისუფლების დაცვა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.