ერითრეის მოქალაქე ჰ.მ.ფ.-ს და მის ხუთ შვილს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭათ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განჩინებით, „უფლებები საქართველოს“ იურისტის, რუსუდან მჭედლიშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ერითრეის მოქალაქე ჰ.მ.ფ.-ს და მის ხუთ შვილს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭათ.
სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უარი საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ განმცხადებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დაემუქრებოდა საფრთხე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და განმცხადებლები აკმაყოფილებდნენ ყველა კრიტერიუმს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებისთვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
სამართლებრივი დახმარება ერითრეის მოქალაქეებს გაეწია პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით ახორციელებს.