„უფლებები საქართველომ“ სტუდენტური პარლამენტის წევრებთან საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეხვედრა გამართა

„უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა, ანა გუდაძემ, სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომელზეც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების 70-ზე მეტ სტუდენტს ესაუბრა საქართველოში უცხოელთა მიმართ დამოკიდებულებებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
ანა გუდაძემ ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასაც საქართველოში მცხოვრები მიგრანტები, თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები აწყდებიან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უცხოელთა მიმართ რასობრივი და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემებზე, ასევე დასაქმებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების სერვისებით, მათ შორის, ჯანდაცვის და საბანკო მომსახურებით სარგებლობისას შექმნილ დაბრკოლებებზე.
ონლაინ შეხვედრა გაიმართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომელთა მეშვეობითაც „უფლებები საქართველო“ სამართლებრივ დახმარებას უწევს თავშესაფრის მაძიებლებს, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირებსა და საქართველოში მცხოვრებ მიგრანტებს.