შესვლა

აზერბაიჯანიდან დევნილი სამოქალაქო აქტივისტი, ავთანდილ მამმადოვი, ექსტრადიციის საფრთხის წინაშე დგას

18 მარტი, 2021

„უფლებები საქართველო“ აქტივისტისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას მოითხოვს


18 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლო აზერბაიჯანიდან დევნილი  სამოქალაქო აქტივისტის ავთანდილ მამმადოვისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს.

მამმადოვს, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ცხოვრობს, სამშობლოში ექსტრადირება და ყალბი ბრალდებით გასამართლება ემუქრება. მის ინტერესებს სასამართლოში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და  „უფლებები საქართველოს“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.

ავთანდილ მამმადოვი აზერბაიჯანში აქტივიზმით და უფლებადაცვითი საქმიანობით იყო დაკავებული. ის ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას, ატარებდა ტრენინგებს და არჩევნებზე დამკვირვებლად მუშაობდა. 2017 წელს, პროფესიული საქმიანობის და ხელისუფლებისადმი გამოთქმული კრიტიკის გამო, აზერბაიჯანის პროკურატურამ მამმადოვზე თაღლითობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რის გამოც მან თავი საქართველოს შეაფარა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მამმადოვი საერთაშორისო ძებნაშიც გამოაცხადა. შედეგად, 2019 წლის ზაფხულში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნილი აქტივისტი დააკავა. „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის ჩართვის შემდეგ, მამმადოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მას აზერბაიჯანში ექსტრადირება კვლავ ემუქრება.
ჰუმანიტარული სტატუსის (საერთაშორისო დაცვის) მინიჭების შემთხვევაში, მამმადოვის აზერბაიჯანში ექსტრადირება ვეღარ განხორციელდება, თუმცა, სამწუხაროდ, შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა მას საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა.

დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტოსთან დავის ხანგრძლივი პროცესი. „უფლებები საქართველომ“ შსს-ის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქალაქო სასამართლომ საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, საქალაქო სასამართლომ მამმადოვისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შსს-ს გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა დევნილი აზერბაიჯანელი აქტივისტისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

მამმადოვის დამცველები  მიიჩნევენ, რომ სასამართლოს ჰქონდა უფლებამოსილება, შსს-ის გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, მამმადოვისთვის ჰუმანიტარული სტატუსი თავადვე მიენიჭებინა. სწორედ ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

„უფლებები საქართველო“ მოითხოვს, დაკმაყოფილდეს ადვოკატის საჩივარი და სააპელაციო სასამართლომ მამმადოვს ჰუმანიტარული სტატუსი მიანიჭოს. მამმადოვთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მისი მეუღლისა და ორი არასრულწლოვანი შვილისთვისაც უნდა განიხილოს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!