„უფლებები საქართველო“ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ კონტროლიორს დაიცავს

„უფლებები საქართველო“ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ სარჩელს შეიტანს ადგილობრივი მუნიციპალური ინსპექციის წინააღმდეგ, რომელმაც 2021 წლის 25 იანვარს კონტროლიორი, ლელა ჩხაიძე, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.
ლელა ჩხაიძე ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში 2011 წლიდან მუშაობდა. ის ამ სამსახურში პირველი კონტროლიორი ქალი იყო და მუშაობის პირველივე დღიდან დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. სანიმუშო საქმიანობისთვის ის რამდენჯერმე ფულადი პრემიით დაჯილდოვდა. 2013 წელს კი, საუკეთესო კონქტოლიორად დასახელდა.
მუნიციპალურ ინსპექციაში მუშაობის პარალელურად, სამსახურისგან თავისუფალ დროს, ლელა ჩხაიძე წლების განმავლობაში აქტიურად იყოს ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2002 წლიდან ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იყო, თუმცა ამას მის სამსახურებრივ საქმიანობაზე გავლენა არ მოუხდენია. თუმცა მას შემდეგ, რაც ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძრღვანელობა შეიცვალა, ლელა ჩხაიძეზე ზეწოლა დაიწყო. ზეწოლა განსაკუთრებით გაძლიერდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. ლელა ჩხაიძეს ჯერ ნაციონალური მოძრაობის დატოვება მოსთხოვეს, შემდეგ კი - სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„უფლებები საქართველო“ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელით მოითხოვს ლელა ჩხაიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში მის აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. „უფლებები საქართველო“ ასევე მოითხოვს, რომ დადგინდეს შრომითი ურთიერთობის განხორცელებისას ლელა ჩხაიძის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის და შევიწროების ფაქტი, ასევე - მოსარჩელეს მიეცეს 5000 ლარის ოდენობის მორალური ზიანის კომპენსაცია.
„უფლებები საქართველო“ აღნიშნულ საქმეს აწარმოებს პროექტის - „მოწყვლადი და პანდემიისაგან დაზარალებული პირების უფლებების დაცვა“ - ფარგლებში, რომელიც „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ მხარდაჭერით, ERIM-თან (ყოფილი IREX Europe) პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.