„კონსტიცუციის 42-ე მუხლი“ გირგვლიანის საქმეზე დასკვნას აქვეყნებს

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ დაინტერესდა საკითხით შეეძლო თუ არა საკასაციო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება იმდროინდელი კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის ფონზე. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ თავის საჯარო გამოსვლებში არაერთხელ განაცხადა, რომ ამ საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება იყო შეუძლებელი.
საკითხის გამოკვლევის მიზნით „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ შეისწავლა ლევან მურუსიძის მონაწილეობით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებული ყველა (სულ 105) საქმე, ასევე კერძო განჩინებების ხელმისაწვდომი პრაქტიკა. სასამართლო პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ იმ შემთხვევებში, თუ საქმეში არსებობდა დაუდგენელი ფაქტები, ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები, უხეშად დარღვეული იყო მხარის უფლებები, ასეთ საქმეს, როგორც წესი, საკასაციო პალატა აბრუნებდა ხელმეორე განხილვისთვის და სააპელაციო სასამართლოს აძლევდა მითითებებს დარღვევების გამოსწორების მიზნით. შესაბამისად, გირგვლიანის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით საკასაციო სასამართლომ გადაუხვია მის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას და მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება,
რაც სავარაუდოდ პოლიტიკური ზეწოლით იყო განპირობებული.
საქმეში არსებული მრავალრიცხოვანი კანონდარღვევების ფონზე, საკასაციო სასამართლოს ასევე ვალდებული იყო გამოეტანა კერძო განჩინება და მოეთხოვა სამართლებრივი ზომების გატარება ამ დარღვევების ჩამდენი პირების (მოსამართლეების, გამომძიებლების, პროკურორების, ა.შ.) მიმართ.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დასკვნის პროექტი წარმოდგენილი და განხილული 2019 წლის 27 ივლისის კონფერენციაზე, ხოლო მიღებული შენიშვნები აისახა დასკვნის საბოლოო ვერსიაში.
ჩამოტვირთეთ დასკვნის საბოლოო ვერსია: უზენაესი სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი სასამართლოს პრაქტიკის ფონზე