„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არქონის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპულ ქსელს - ENS-ს შეუერთდა

„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არქონის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ევროპულ ქსელს (European Network for Statelessness) შეუერთდა. ქსელი წარმოადგენს 41 ქვეყანაში მოქმედი 150 სამოქალაქო ორგანიზაციისა და ინდივიდუალური ექსპერტის გაერთიანებას, რომლის მიზანიცაა ევროპაში მოქალაქეობის არქონის პრობლემის აღმოფხვრა, აგრეთვე - მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის საერთაშორისო ნორმებით გარანტირებულ უფლებებზე წვდომის უზრუნველყოფა.
დღეს, ENS-ის და „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლებმა ონლაინ რეჟიმში გაცნობითი შეხვედრა გამართეს. მხარეებმა მოქალაქეობის არქონის საკითხზე თანამშრომლობის, ქსელის ღონისძიებებსა და საქმიანობაში „უფლებები საქართველოს“ ჩართვის, ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარების საკითხები განიხილეს.
„უფლებები საქართველო“ მოქალაქეობის არმქონე პირებს სამართლებრივ დახმარებას 2020 წლიდან უწევს. ეს საქმიანობა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - ,,ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ნაწილია.