„უფლებები საქართველოს“ დირექტორი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

„უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ლადო მკერვალიშვილი დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (Eastern Partnership Civil Society Forum) მე-12 ყოველწლიურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
ლადო მკერვალიშვილმა გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაზე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალებისა და გოგონებისათვის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად გენდერული თანასწორობის საკითხი დღის წესრიგში მუდმივად უნდა რჩებოდეს და ყურადღება გაამახვილა ისეთი საკითხების მნიშვნელობაზე, როგორებიცაა: საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება თანასწორობისა და ადამიანის უფლებების თემაზე; მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება; თანასწრობასთან დაკავშირებულ ინიციატივებში კაცების ჩართულობის გაძლიერება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-12 ყოველწლიური ასამბლეა წელს 7-10 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
წლევანდელი ასამბლეა ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებისადმი ვალდებულებების განახლებას ეძღვნება.