ბლოგი: რა შედეგები მოაქვს სიტყვა „გენდერის“ კანონმდებლობიდან ამოღებას

ავტორი: საბა ჩიტიძე, „უფლებები საქართველოს“ იურისტი
2025 წლის 2 აპრილიდან ცვლილებები შევიდა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და, ასევე, ყველა საკანონმდებლო აქტიდან ამოღებული იქნა ტერმინები „გენდერი“ და „გენდერული თანასწორობა“. ცვლილებების განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ გენდერის ცნება „უცხოური გავლენის“ შედეგად, მიზანმიმართულად დაინერგა ქართულ საკანონმდებლო სისტემაში. გენდერული თანასწორობის, როგორც ცნების, სახელმწიფოს მხრიდან უარყოფამ აგრეთვე სრულად უგულვებელყო გენდერის სოციალურ-კულტურული განზომილება.
გენდერის გაგების მხოლოდ ბიოლოგიურ სქესამდე დაყვანით, არსებითად იცვლება ძალადობის აღქმის ფოკუსი — იგნორირდება ის შემთხვევები, როდესაც ქალები ძალადობის სამიზნედ სწორედ იმ გენდერული სტერეოტიპების გამო ხდებიან, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებულია. შესაბამისად, სახელმწიფო უარს ამბობს აღიაროს ძალადობის მრავალი ფორმა, რაც გენდერული მოტივით ხორციელდება, მაგრამ უშუალოდ ბიოლოგიურ განსხვავებებს არ ეფუძნება.
საერთაშორისო ვალდებულებები და სამართლებრივი კოლიზია
საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციისა და გაეროს CEDAW-ის ხელმომწერ სახელმწიფოს, აქვს ვალდებულება აღიაროს და აღკვეთოს გენდერული ნიშნით მოტივირებული დისკრიმინაცია. ორივე დოკუმენტი ხაზგასმით მიუთითებს, რომ გენდერული ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ბიოლოგიურ განსხვავებებზე მითითებით, არამედ ემსახურება იმ სოციალური და კულტურული ნორმების შეცვლას, რომლებიც ქალებს დაქვემდებარებულ როლს განუსაზღვრავს საზოგადოებაში.
სტამბოლის კონვენციის განმარტებით ანგარიშში მითითებულია, რომ დისკრიმინაციის აკრძალვის საფუძვლებს შორის შედის გენდერი, გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია და სხვა მახასიათებლები. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს უპირატესი ძალა ენიჭება საქართველოს კანონებთან მიმართებით. შესაბამისად, გენდერის ტერმინის ამოღება სამართლებრივი ტექსტებიდან ეწინააღმდეგება როგორც სტამბოლის კონვენციის მიზნებს, ისე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ანალოგიურად, CEDAW-ის კომიტეტის განმარტებით, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია განიმარტება როგორც გენდერული დისკრიმინაცია, რომელიც მოიცავს როგორც ბიოლოგიურ განსხვავებებს, ისე გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებულ უთანასწორობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები
2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი თხელიძის ჯგუფის საქმეების აღსრულების შეფასებისას საქართველოს კანონმდებლობას განიხილავდა, როგორც ადეკვატურ ზოგად ზომად გენდერულ ძალადობაზე. ახალი საკანონმდებლო მიდგომა კი საფრთხეს უქმნის ამ შეფასებას და ქვეყანას აყენებს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკის ქვეშ.
რა იცვლება პრაქტიკაში: მსხვერპლთა მარგინალიზაცია და სახელმწიფო ორგანოების რეაგირება
ახალი საკანონმდებლო ჩარჩო მნიშვნელოვნად ართულებს გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაულების იდენტიფიცირებას. გენდერული მოტივის უგულებელყოფა იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობა, რომლის მიზეზადაც მოძალადე მის „არასასურველ“ ქცევაზე უთითებს — იქნება ეს პროფესიული დამოუკიდებლობა, ტრადიციული ოჯახური როლისგან გადახვევა, ეთნიკური ან სექსუალური თვითგამოხატვა — აღარ აღიქმება როგორც გენდერული დანაშაული.
„უფლებები საქართველოს“ პრაქტიკიდან ჩანს, რომ ფემიციდის საქმეებშიც კი სასამართლოები ზოგჯერ თავს იკავებენ გენდერული მოტივის დადგენისგან. ქალზე ძალადობა ხშირად ინტერპრეტირდება როგორც პირად-ოჯახური კონფლიქტის ნაწილი, ხოლო კონტროლისა და დომინაციის გამოვლინებები — სოციალურ ნორმად. მოსამართლეები არ აღიარებენ იმ გარემოებას, რომ მოძალადე მოქმედებს ქალისადმი მესაკუთრული დამოკიდებულებით და ჩადენილი დანაშაული სწორედ გენდერული იერარქიის კონტექსტში უნდა შეფასდეს.
გაუარესებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკაც — დაზარალებულები ხშირად მიუთითებენ, რომ უწყება თავს იკავებს შემაკავებელი ორდერების გაცემისგან, სათანადოდ არ აფასებს რისკებს და არ იყენებს დაცვის ეფექტურ მექანიზმებს, როგორიცაა ელექტრონული სამაჯურები. განსაკუთრებით პრობლემურია სასამართლო პრაქტიკა დამცავი ორდერების გამოცემასთან დაკავშირებით. ხშირია შემთხვევები, როდესაც სისტემური ძალადობის შემთხვევაშიც კი მოძალადეს არ ენიჭება სათანადო სამართლებრივი სტატუსი და არ გაიცემა დამცავი ორდერი.
დაგროვილი ინსტიტუციური ცოდნის გაუფასურება
გენდერისა და გენდერული თანასწორობის ცნებების ამოღება კანონმდებლობიდან საფრთხეს უქმნის ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით დაგროვილ ინსტიტუციურ ცოდნას. GREVIO-ს 2022 წლის ანგარიშში ნათლად იყო წარმოდგენილი საჭიროება სახელმწიფო უწყებებისთვის სავალდებულო გადამზადების, მკაფიო პროტოკოლების, და სტაბილური დაფინანსების უზრუნველყოფისთვის.
ანტი-გენდერული კანონმდებლობის მიღებით ქვეყანას ემუქრება არა მხოლოდ ძალადობის პრევენციის სისტემის დეგრადაცია, არამედ მეორეული ვიქტიმიზაციის ზრდაც — როდესაც მსხვერპლი კიდევ ერთხელ ზიანდება სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ ჩადენილი გენდერული ძალადობის უგულვებელყოფით.
დასკვნა: სიჩუმე ძალადობას ემსახურება
გენდერის საკანონმდებლო სივრციდან ამოღება ნიშნავს ძალადობასთან ბრძოლის ნაცვლად მის გაქრობას სტატისტიკიდან. როდესაც სახელმწიფო უარყოფს გენდერული სტერეოტიპების გავლენას ქალთა მიმართ ძალადობაზე, ის დისტანცირდება მსხვერპლისგან და თვალს ხუჭავს ძალადობაზე.
გენდერული თანასწორობის დაცვა მოითხოვს უფრო ღრმა და კომპლექსური ძალადობის აღიარებას — ძალადობისა, რომელიც სოციალურ როლებზე, ქალის დათრგუნვასა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებზეა დაფუძნებული. ამრიგად, ტერმინ გენდერის ამოღება მხოლოდ ართულებს ძალადობის რეალურ საფუძვლებთან ბრძოლას, რომლისთვისაც აუცილებელია გენდერის, როგორც სოციალური კონსტრუქციის, სწორი გაგება და მისი აღიარება სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე.