შესვლა

“უფლებები საქართველო” გიორგი ტუმასიანის ინტერესებს დაიცავს

12 ივნისი, 2025

გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას

2025 წლის 11 ივნისს, არაერთმა ჟურნალისტმა, აქტივისტმა, პოლიტიკოსმა თუ უფლებადამცველმა მიიღო შეტყობინება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო პოლიტიკური თანამდებობის პირების/საჯარო მოსამსახურეების მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გამო. სასამართლო განხილვები ჩანიშნულია დღეს, 2025 წლის 12 ივნისს.

ერთ-ერთი პირი, რომელსაც საჯარო გამოხატვის გამო შსს სამართალდამრღვევად მიიჩნევს, აქტივისტი გიორგი ტუმასიანია. “უფლებები საქართველო” აქტივისტ გიორგი ტუმასიანის ინტერესებს წარმოადგენს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებას გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევად აფასებს. 

გიორგი ტუმასიანის მიერ სოციალურ ქსელებში კონკრეტული პოლიტიკური პირების მიმართ გამოყენებული იყო ისეთი შეფასებითი მსჯელობები, როგორებიცაა: “სამშობლოს მოღალატე” და “თანამედროვე ბოლშევიკი”. ორივე ტერმინი შეფასებითია და სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში, ვინაიდან არ ქმნის არათუ მყისიერ ან რეალურ, არამედ ზოგადად რაიმე საფრთხესაც კი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არამხოლოდ  ისეთი “ინფორმაცია” ან “იდეები”, რომლებიც კეთილმოსურნეა, აღიქმება როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია სახელმწიფოს ან მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ფართო თვალსაწიერის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს “დემოკრატიული საზოგადოება”.

ამას გარდა, ევროსასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საჯარო პირების, განსაკუთრებით პოლიტიკოსების, მიმართ არსებული მომეტებული საჯარო ინტერესი. მათი წინარე ქმედებების შეფასება ხელს უწყობს საზოგადოებრივი დისკუსიის წარმართვას და ემსახურება საჯარო ინტერესს. საჯარო პირები ცხოვრების შესაბამისი წესის არჩევისას იაზრებენ, რომ მათი ქმედებები დაექვემდებარება შეფასებას საზოგადოების მხრიდან და აქვთ შესაბამისი მზაობაც, თუნდაც კრიტიკული ან შეურაცხმყოფელი შეფასების მოსასმენად. აღნიშნული სრულად ჯდება მათი თმენის ვალდებულების ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ გიორგი ტუმასიანისა და სხვა პირების მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა სრულად შეესაბამება  წარმოდგენილ სტანდარტებს. 

ამასთან, სასამართლო განხილვის შესახებ ინფორმაციის არაგონივრული ვადით ადრე მიწოდება წინააღმდეგობაში მოდის შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპთან, რაც სამართლიან სასამართლოზე უფლების თანდაყოლილი მახასიათებელი და ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტია. გიორგი ტუმასიანს, ისევე, როგორც ყველა სხვა პირს, მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისა და სასამართლოში პროცესის ჩანიშვნის თაობაზე ეცნობათ გუშინ, 11 ივნისს, არასამუშაო საათებში, სასამართლო განხილვამდე არასრული ერთი დღით ადრე. აღნიშნული პირების ნაწილს, არ გადასცემია საქმის მასალები და არ მისცემიათ გონივრული დრო არც მათ გასაცნობად და არც ადვოკატების მოსაძიებლად. აღნიშნული მათ აყენებს ადმინისტრაციულ ორგანოსთან შედარებით მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში. 


“უფლებები საქართველოს” შეფასებით, მოქალაქეების მხრიდან საჯარო პოსტებში გაკეთებული წმინდად შეფასებითი ეპითეტებისა და პოლიტიკური გამოხატვის გამო მათ მიმართ სამართალწარმოების დაწყება წარმოადგენს უმძიმეს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში და, დამატებით, მიზნად ისახავს ე.წ. “მსუსხავი ეფექტის” ქონას საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული ქმედებები საზოგადოებრივი დისკუსიის კრიტიკული პოლიტიკური შეფასებისგან გაწმენდას ემსახურება, რასაც ძირგამომთხრელი ეფექტი ექნება დემოკრატიული ღირებულებებისთვის.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!