ცოლის დაწვაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოძალადე სასამართლომ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო
დღეს, 2025 წლის 21 მაისს, თვენახევრიანი განხილვის შემდეგ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 25 წლის ქალის საქმეზე სრულად გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ და ბრალდების პოზიცია და მკვლელს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საზარელი დანაშაული თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, 2024 წლის 13 ნოემბერს მოხდა. ქმარმა ცოლს, სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. 25 წლის ქალი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ერთი თვის განმავლობაში კრიტიკული იყო. 2024 წლის 10 დეკემბერს ახალგაზრდა ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.
„უფლებები საქართველო“ საქმეში 2024 წლის 26 დეკემბრიდან, გარდაცვლილის დედის მიერ მომართვის შემდეგ ჩაერთო. მოკლული ქალის ოჯახის წევრებისა და სხვა მოწმეების ჩვენებებიდან, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებებიდან დადგინა, რომ, სასტიკ მკვლელობამდე, ქმარი ახალგაზრდა ქალის მიმართ სისტემატურად ძალადობდა. 2025 წლის 16 აპრილის სხდომაზე, დედამ სასამართლოს მოუწოდა მოძალადის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის სახისა და ზომის, უვადო თავისუფლების აღკვეთის, გამოყენებისკენ.
ბრალდებული ბრალს არ აღიარებდა და უთითებდა, რომ ცოლისთვის აალებადი ნივთიერების შესხმისა და ცეცხლის წაკიდების დროს მისი მოკვლა არ სურდა. მოსამართლე რევაზ ნადოიმ მხედველობაში მიიღო დანაშაულის სისასტიკე, მოძალადის დამოკიდებულება მოკლული ცოლის მიმართ, მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. სასამართლომ მოძალადე დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მიიჩნია რომ მკვლელობა ჩადენილი იქნა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით.
ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი სამართალდამცავებმა 2024 წლის 11 დეკემბერს, ქალის გარდაცვალების მომდევნო დღეს დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მხოლოდ, მას შემდეგ, რაც მოძალადის მხრიდან ქმედების მიზანმიმართულად ჩადენის შესახებ გახდა ცნობილი, კვალიფიკაცია 117-ე მუხლით შეიცვალა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. „უფლებები საქართველო“ მიიჩნევდა, რომ ამ მუხლით გამოძიების დაწყება და კვალიფიკაციის შემდგომი ცვლილებაც არასწორი იყო. 28 ნოემბერს საქმის კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა და გამოძიება გაგრძელდა ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. 2024 წლის 10 დეკემბერს, ქალის გარდაცვალების შემდეგ, მოძალადეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის წარედგინა.