შესვლა

ფემიციდის საქმეზე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის იგნორირებით გამოტანილი მორიგი განაჩენი გააუარესებს საქართველოში ქალთა მდგომარეობასა და უსაფრთხოებას

27 მარტი, 2025

ვარკეთილში მომხდარი ფემიციდი თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენდერული ნიშნით მოტივირებულ მკვლელობად არ ჩათვალა

2025 წლის 26 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (მოსამართლეების შემადგენლობით: გერონტი კახეთელიძე, გიორგი კერატიშვილი, თეა ლეონიძე) დაასრულა ვარკეთილში, 2024 წლის იანვარში, ახალი წლის დღეებში ჩადენილი ფემიციდის საქმის განხილვა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქმე, რომელშიც აშკარად იკვეთებოდა ქმრის მხრიდან ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულება და ქალის როლისა და მნიშვნელობის უგულებელყოფა, არ ჩათვალა გენდერული ნიშნით მოტივირებულად და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მძინარე ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებულ 27 წლის გიორგი კავლელაშვილს სასჯელის ზომად და სახედ მხოლოდ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „უფლებები საქართველომ“ საქმეში გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთაზე მუშაობა კვლავ განაგრძო. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა  საქმე და წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus curiae) მოსაზრება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „სასამართლომ თითოეული მტკიცებულება უნდა შეაფასოს გენდერული პერსპექტივიდან და მხედველობაში მიიღოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კონტექსტი“, თუმცა, სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ სახალხო დამცველის მოსაზრება არ გაითვალისწინა.

„უფლებები საქართველო“, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული ქეთევან ედიბერიძის ოჯახის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასა და სტამბულის კონვენციის სულისკვეთებასთან. გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი საზარელი დანაშაულის ყოფით ნიადაგზე მომხდარ მკვლელობად წარმოჩენა მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებს საქართველოში ქალთა მდგომარეობასა და უსაფრთხოებას.

საქმის დეტალები

2024 წლის 9 იანვარს ვარკეთილში, საკუთარ სახლში, ჩვილი ბავშვის გვერდით მძინარე ქალს, ქმარმა ბასრი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მოკლა. ფემიციდის საქმეში „უფლებები საქართველო“ 2024 წლის 12 იანვრიდან ჩაერთო.

საქმის მასალების თანახმად, გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატების მიმართვის შემდეგ, საგამოძიებო ორგანომ არაერთი მოწმე გამოკითხა, რომლებმაც დაადასტურეს დანაშაულის ჩადენა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით. ადვოკატებმა მიმართეს პროკურატურას ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმების მოთხოვნით, რის შემდეგაც 2024 წლის 2 აპრილს პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი დაუზუსტა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას.

2024 წლის 22 აგვისტოს გამართულ პროცესზე სასამართლოს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც წარედგინა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი სხეულის მრავლობითი ჭრილობებიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა გახდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ახალგაზრდა ქალს 19 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათგან 6 ჭრილობა ცალ-ცალკე და ერთობლიობაში იყო სიცოცხლისთვის სახიფათო.

საქმეზე ასევე დანიშნული იყო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის დასადგენად. 2024 წლის 28 მარტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ ბრალდებული შერაცხადია და მისთვის ინკრიმინირებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისით. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ ბრალდებული ცდილობდა ფსიქიკური დაავადების სიმულირებას, რათა თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის.

2024 წლის 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარისა და დაზარალებულის მოთხოვნა, გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა. ასევე, მოსამართლემ არ დაადგინა, რომ დანაშაული გენდერული შეუწყნარებლობით იყო მოტივირებული, რასაც „უფლებები საქართველოს“ იურისტები და დაზარალებული მხარე არ ეთანხმებოდა.

ბრალდებულს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის ჰქონდა წარდგენილი. თუმცა, მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ დანაშაული გენდერული შეუწყნარებლობით არ იყო მოტივირებული და ბრალდებული დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული).

ფემიციდის მსხვერპლის ოჯახის ინტერესების დაცვა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!