საკონსტიტუციო სასამართლომ „უფლებები საქართველოს“ მიერ ძალადობის მსხვერპლი ქალის სახელით შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლომ „უფლებები საქართველოს“ მიერ ძალადობის მსხვერპლი ქალის სახელით შეტანილი სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელის მიზანია, აღმოიფხვრას ის სამართლებრივი ხარვეზები, რომელიც ოჯახში ან გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლის დაცვის ეფექტიანობას რისკის ქვეშ აყენებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოძალადე პოლიციელია.
„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს პოლიციელის მიერ ჩადენილ ძალადობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ძალადობაზე რეაგირების პასუხისმგებელ უწყებას, წარმოეშობა კორპორატიული ინტერესი, დაიცვას საკუთარი სისტემის თანამშრომელი და, ამ მოტივით, შეაფერხოს ან არასათანადო გულმოდგინება გამოიჩინოს მოძალადის მიმართ მყისიერი ზომების მიღებისას, როგორიცაა შემაკავებელი ორდერის გამოცემა ან ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება (სამაჯურის დამაგრება), რაც, მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხშირ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
ეს სამართლებრივი ხარვეზები გამოიკვეთა რამდენიმე წლის წინ, როდესაც პოლიციელის მიერ ნაცემმა ქალმა დახმარებისათვის „უფლებები საქართველოს“ მიმართა. მართალია, ქალის ადვოკატის მოთხოვნით, საქმეში სპეციალური საგამოძიებო ორგანო ჩაერთო, რომელიც შსს-გან დამოუკიდებელი ორგანოა და პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადოებას იძიებს, თუმცა, პოლიციელის მიმართ შემაკავებელი ღონისძიებების გატარება დროულად მაინც ვერ მოხერხდა, რადგან შემაკავებელი ორდერის გამოცემა და ელექტრონული სამაჯურის დამაგრებაუშუალოდ შსს-ს კომპეტენციას განეკუთვნება.
შსს-ს გაჭიანურებული რეაგირება ძალადობის რისკს ზრდიდა იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ქალი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, მოძალადე მის მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ტელეფონის საშუალებით, მიაკითხა სამუშაო ადგილას და იყო აგრესიული. მსხვერპლს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის დასრულების შემდეგ თავად მოუწია 112-თან დაკავშირება და შუაღამისას რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩაში ყოფნა, ვიდრე შსს შემაკავებელ ორდერს გამოსცემდა. ამის შემდეგ, ქალი თითქმის მთელ დღე ელოდა შსს-ს შესაბამისი სამმართველოს გადაწყვეტილებას, მოძალადისათვის ელექტრონული სამაჯურის დაემაგრებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი შემზღუდავი ღონისძიების საჭიროება თავიდანვე იდგა.
„უფლებები საქართველომ“ ძალადობის მსხვერპლი ქალის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 2024 წლის მაისში მიმართა. დავის საგანს წარმოადგენს: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 10[1] მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებთან (საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი).
ქალის ინტერესების დაცვა (თავდაპირველად - ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის, ხოლო მოგვიანებით - კონსტიტუციურ სამართალწარმოებაში) შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.