პოლიციას შეეშალა და რუსთაველის მეტროდან 2 ბიჭი სხვების ნაცვლად გაიტაცა

„უფლებები საქართველო“ იცავს გუშინ რუსთაველის მეტროსთან გატაცებული ორი ახალგაზრდის - 18 წლის ოთარ კვარაცხელიას და 23 წლის რატი ტყემალაძის ინტერესებს.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები მარიამ მაღრაძე და დიმიტრი ნოზაძე შეხვდნენ დაკავებულებს. დაკავებულების თქმით, ისინი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ძალადობრივი მეთოდებით ჩასვეს ავტომობილებში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გამტაცებლები იყვნენ კრიმინალური პოლიციელები, რომლებსაც აღნიშნული ჩასაფრება და გატაცება დაგეგმილი ჰქონდათ სხვა პირის მიმართ. კერძოდ, კრიმპოლი გეგმავდა ფილარმონიასთან ფოიერვერკების მსროლელი პირის დაკავებას. ჩაცმულობის მიხედვით, კრიმპოლმა ჩათვალა, რომ აღნიშნული პირი იყო ოთარ კვარაცხელია. რატი ტყემალაძე კვარაცხელიას თან ახლდა და ამიტომ ისიც დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ კრიმპოლმა აღნიშნული პირები შეცდომით დააკავა, მათ წინააღმდეგ მაინც დაიწყო სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და 174-ე პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლებით.
„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ სრულ აბსურდს წარმოადგენს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილი. ოთარ კვარაცხელიას და რატი ტყემალაძეს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მოეხდინათ დამკავებელთა იდენტიფიცირება როგორც პოლიციელების, რადგან დაკავების მომენტში დამკავებლებს არ წარუდგენიათ თავი, არ ეცვათ პოლიციის ფორმა, არ ჰქონდათ რაიმე ტიპის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, არ უთქვამთ რომ იყვნენ პოლიციელები და არ სარგებლობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებით.
აღსანიშნავია, რომ ოთარ კვარაცხელიას და რატი ტყემალაძეს ადვოკატები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. პოლიცია და წინასწარი დაკავების იზოლატორები ადვოკატებს მათი ადგილსამყოფლის შესახებ არ აწვდიდნენ ან აწვდიდნენ მცდარ ინფორმაციას. დაკავებულების ზუსტი ადგილსამყოფლის დადგენა, მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა. დაკავებულების მიმართ პოლიცია იყენებდა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის მეთოდებს.