ბლოგი: ევროსასამართლომ შესაძლოა დაადგინოს, რომ სახელმწიფოს ქმედება შეიცავდა არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას და წამებასაც

29-30 ნოემბრის აქციის დაშლა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ნაკისრი რელევანტური ვალდებულებები
ვალდებულებების დარღვევის საკითხი უნდა შეფასდეს შემდეგ ჭრილში
-
ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მატერიალურსამართლებრივი პოზიტიური ვალდებულებები
-
ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მატერიალურსამართლებრივი ნეგატიური ვალდებულებები
-
ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის საპროცესოსამართლებრივი პოზიტიური ვალდებულებები (სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შესრულების ქმედითად გამოძიება, ანუ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, დროული, ყოველმხრივი გამოძიება, რომლის პროგრესის შესახებ ეცნობება დაზარალებულსა და საზოგადოებას)
-
გამოხატვის თავისუფლების ჭრილში შეკრების თავისუფლების დაცვის პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები
-
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე და უფლება ქმედით სამართლებრივ დაცვაზე
საქართველოს მიერ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მატერიალურსამართლებრივი პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შესრულება უნდა დადგინდეს ქმედითი გამოძიებით.
1. ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მატერიალურსამართლებრივი პოზიტიური ვალდებულებების (უფლების უზრუნველყოფის ვალდებულება) ჭრილში უნდა შემოწმდეს და შეფასდეს დაშლის ოპერაციის ძალის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და ძალის გამოყენების მიზნის ლეგიტიმურობა, დაშლის ოპერაციის სამოქმედო გეგმა, გამართული ბრიფინგები, სპეციალური დანიშნულების რაზმისთვის გაცემული ინსტრუქციები, ძალის გამოყენების კოორდინაცია და კონტროლი, გამოყენებული პერსონალი, გამოყენებული საშუალებები, პერსონალის შეიარაღება დემონსტრანტებთან შედარებით და ძალთა შეპირისპირება, მოლაპარაკების და ალტერნატიული საშუალებების გამოყენება. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაგეგმოს და აღასრულოს ოპერაცია იმდაგვარად, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ფასდება არსებული ნორმატიული ბაზა და საკანონმდებლო ხარვეზების შემთხვევაში, მათი აღმოფხვრა დ თავის არიდება პრაქტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს ბრალად შეერაცხება დემონსტრანტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. სიცოცხლის ხელყოფის გარდა, მე-2 მუხლი შეიძლება გავრცელდეს იმ შემთხვევებზეც, როცა ადამიანი სასიკვდილო თავდასხმას გადაურჩება.
სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევა დგინდება გონივრულ ეჭვს მიღმა.
2. ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მატერიალურსამართლებრივი ნეგატიური ვალდებულებები (უფლების არდარღვევის ვალდებულება) ჭრილში უნდა შემოწმდეს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ გამოყენებული ძალის და საშუალებების 1) ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად 1) აუცილებლობა და 2) თანაზომიერება. თუნდაც ერთი კომპონენტის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს ბრალად შეერაცხება დემონსტრანტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი.
სახელმწიფოს მიერ ვალდებულების დარღვევა დგინდება გონივრულ ეჭვს მიღმა.
3. ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის საპროცესოსამართლებრივი პოზიტიური ვალდებულებები (ქმედითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლო განხილვის, მსჯავრდების, სასჯელის აღსრულების მეშვეობით უფლების უზრუნველყოფა) გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების შესრულების ქმედითად გამოძიებას, ანუ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, დროული, ყოველმხრივი სამართალწარმოება რომლის პროგრესის შესახებ ეცნობება დაზარალებულსა და საზოგადოებას.
ქმედითი გამოძიების ჭრილში იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების იდენტიფიკაციის პრობლემა.
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი (CPT) მოითხოვს, პოლიციამ უზრუნველყოს რომ პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც უკეთია ნიღაბი ან იდენტიფიცირების დამაბრკოლებელი აღჭურვილობა, უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნომერი, მაგალითად, ფორმაზე ანდა ჩაფხუტზე. ეს არის ერთ-ერთი ადეკვატური გარანტია, რომ პოლიციის თანამშრომელმა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე. ამ მოთხოვნას აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და მნიშვნელოვნად შეამციროს გადამეტებული ძალის გამოყენებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის რისკი.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დემონსტრაციის დაშლაზე პასუხისმგებელი პოლიციის თანამშრომლების იდენტიფიცირების პრობლემები განხილული აქვს, მათ შორის საქმეებში: Özalp Ulusoy c. Turquie, Ataykaya v. Turkey და Hentschel and Stark v. Germany.
ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ დემონსტრაციის დაშლაში მონაწილე პოლიციელებისთვის სახის ბალაკლავით დაფარვის გადაწყვეტილების პირდაპირი შედეგია ის, რომ პოლიციელები ფაქტობრივად იღებენ იმუნიტეტს სისხლისსამართლებრივი დევნისგან. პოლიციელის მიერ ბალაკლავის ტარების გამო გამო, შეუძლებელია მისი იდენტიფიცირება თვითმხილველების მიერ და შეუძლებელია მოწმის ან ბრალდებულის სახით შესაბამისი პოლიციელის გამოკითხვა (Ataykaya v. Turkey, პუნქტი 52).
სასამართლოსთვის თავად ის ფაქტი, რომ ბალაკლავის გამო თვითმხილველებმა ვერ შეძლეს პოლიციის თანამშრომლის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელი იყო სპეციალური საშუალების გამოყენებაზე, შემაშფოთებელი იყო. როდესაც მიიღება გადაწყვეტილება ნიღბიანი პოლიციელების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ან დაკავების მიზნით გამოყენებაზე, მათ უნდა ჰქონდეთ განმასხვავებელი ნიშანი, როგორიცაა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც დაიცავს მათ ანონიმურობას, მაგრამ აგრეთვე შესაძლებელს გახდის მათ იდენტიფიცირებას, თუ მათი ქმედებები გასაჩივრდება (Ataykaya v. Turkey, პუნქტი 53).
როდესაც ეს მოთხოვნა არ არის შესრულებული, ხელისუფლება განზრახ ქმნის დაუსჯელობის სიტუაციას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა აზიანებს ქმედითი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა სახელმწიფო არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და დგინდება საპროცესოსამართლებრივი ვალდებულების დარღვევა.
მოცემულ კონტექსტში, თუ ქმედითი გამოძიება არ ჩატარდება, პასუხისმგებლობა მატერიალურსამართლებრივ ნაწილში მაინც შეიძლება დადგინდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, როგორც მაგალითად, საქმეზე Mikeladze and Others v. Georgia, რომელიც სოფელ მოხეში მუსლიმ თემთან პოლიციის დაპირისპირებას შეეხებოდა. დადასტურებული იყო, რომ პირი იყო პოლიციის კონტროლს ქვეშ და მიღებული ჰქონდა დაზიანებები. ვინაიდან სახელმწიფომ ვერ გაამართლა არსებული დაზიანებები დადგინდა როგორც საპროცესო, ისე მატერიალურსამართლებრივი ნეგატიური ვალდებულებების დარღვევა. საქმეზე Women’s Initiatives Supporting Group and Others v. Georgia, ევროპულმა სასამართლომ დემონსტრაციის დარბევის ვიდეოჩანაწერები მიიღო მტკიცებულებად და მათ საფუძველზე დაადგინა სახელმწიფოს მიერ პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების დარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე ქმედითი გამოძიება არ ჩატარებულა.
4. მიუხედავად იმისა, რომ შეკრების თავისუფლება არის lex specialis გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით და მას ავტონომიური დანიშნულება და მოქმედების სპეციფიკური სფეროს აქვს, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ შეკრების თავისუფლება უნდა განიხილოს გამოხატვის თავისუფლების ჭრილში. შეკრების თავისუფლების ჭეშმარიტი და ქმედითი დაცვა არ შეიძლება დაყვანილი იქნეს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ არჩარევის ვალდებულებამდე (Identoba and Others v. Georgia, პუნქტი 94). ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ გონივრული და ადეკვატური ღონისძიებები განახორციელოს იმ პირთა დასაცავად, ვისაც სხვებთან შეკრებით სურს აზრის გამოხატვა და უზრუნველყოს მათი უფლება შეკრების თავისუფლებაზე. შეკრების თავისუფლება ექვემდებარება რიგ შეზღუდვას, რომელიც დამაჯერებლად უნდა იქნეს დასაბუთებული (Frumkin v. Russia, პუნქტი 93).
2019 წელს, ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის 2011 წლის შეკრების თავისუფლების მონიტორინგის სახელმძღვანელო განახლდა და გამოქვეყნდა 2020 წლის 15 ივლისს. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს აღნიშნული ინსტიტუციების ამ ეტაპზე საბოლოო სტანდარტებს შეკრების თავისუფლების თაობაზე, მათ შორის სპონტანურ შეკრებაზე და ტრანსპორტისთვის შექმნილი დაბრკოლებებზე, როგორც მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანზე.
კერძოდ, ეუთოსა და ვენეციის კომისიის ერთობლივი სახელმძღვანელო „შეკრებად“ განიხილავს რამდენიმე პირის განზრახ შეკრებას საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას საერთო გამომხატველი მიზნით. ეს მოიცავს დაგეგმილ და ორგანიზებულ შეკრებებს, დაუგეგმავ და სპონტანურ შეკრებებს, სტატიკურ და მობილურ შეკრებებს (პუნქტი 18).
რაც შეეხება ტერმინს „მშვიდობიანი“, ეს ცნება მოიცავს ქმედებას, რომელიც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი ან შეურაცხმყოფელი იმ პირებისა თუ ჯგუფებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან შეკრების იდეებსა თუ მოთხოვნებს. ეს ცნება ასევე მოიცავს ქმედებას, რომელიც დროებით ხელს უშლის, აფერხებს ან აბრკოლებს მესამე პირთა საქმიანობას, მაგალითად, ტრანსპორტის დროებით დაბრკოლება. შეკრება მშვიდობიანად ჩაითვლება, მაშინაც კი, როდესაც ის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, სრულად არამართლზომიერად არის მიჩნეული. პრეზუმფცია არსებობს შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მშვიდობიანი ზრახვების სასარგებლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ძალადობის გამოყენების ან ძალადობის წაქეზების განზრახვის დამაჯერებელი მტკიცებულება (პუნქტი 19).
სახელმძღვანელო დამატებით განმარტავს, რომ ტრანსპორტისა თუ ფეხითმოსიარულეთა მოძრაობის დროებითი მოშლა ლეგიტიმური მიზეზი (legitimate reasons) არ არის, რომ გაამართლოს შეკრებაზე შეზღუდვების დაწესება (პუნქტი 143).
სანამ შეკრება მშვიდობიან ხასიათს ატარებს, დაუშვებელია მისი დაშლა სამართალდამცავი ორგანოების მიერ. შეკრების დაშლა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება (პუნქტი 179). დაუშვებელია დემონსტრაციის დაშლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ძალადობის გადაუდებელი საფრთხე. სამართალდამცავ ორგანოებს მოეთხოვებათ, ეცადონ სიტუაციის დეესკალაციას, უნდა ცხადად აცნობონ დემონსტრანტებს დაშლის შესახებ, გამოყენებული ძალა უნდა იყოს მინიმალური და ზიანის შესამცირებლად მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული. დაცული უნდა იქნეს უფლებები, თუნდაც არამშვიდობიანი შეკრების კონტექსტში, თუნდაც ძალადობაში ჩართული მოქალაქეების უფლებები და ძალის გამოყენება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წესებით უნდა მოხდეს (180-185).
ნანა მჭედლიძე - საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, „უფლებები საქართველო“