„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, მცირეწლოვანი ბავშვის დედას საქართველოდან გაძევება აღარ ემუქრება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 9 ოქტომბერს დააკმაყოფილა „უფლებები საქართველოს“ სააპელაციო საჩივარი და გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ირანელი ქალის გაძევებასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 24 მაისს მიიღო გადაწყვეტილება ირანის მოქალაქე ქალის საქართველოდან ირანში გაძევების თაობაზე. გაძევებას გადარჩენილ ქალს ჰყავს მეუღლე და 4 წლის შვილი, რომლებიც არიან თავშესაფრის მაძიებლები საქართველოში. ბავშვი დაიბადა საქართველოში და არის თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი.
მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უცვლელად დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „უფლებები საქართველოს“ დახმარებით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც შეცვალა ქალის გაძევების თაობაზე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტისა და საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
„უფლებები საქართველო“ ირანის მოქალაქეს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევდა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.