შესვლა

27 წლის ცოლის მოკვლისთვის კაცს სასამართლომ 20 წელი მიუსაჯა

23 აგვისტო, 2024

ვარკეთილში ჩვილი ბავშვის გვერდით მძინარე ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარისა და დაზარალებულის მოთხოვნა, გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა. ასევე, მოსამართლემ არ დაადგინა, რომ დანაშაული გენდერული შეუწყნარებლობით იყო მოტივირებული, რასაც “უფლებები საქართველოს” იურისტები და დაზარალებული მხარე არ ეთანხმება.

დასკვნითი სასამართლო პროცესი დღეს, 2024 წლის 23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. 27 წლის ცოლის მკვლელობაში  ბრალდებული კაცი სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარსდგა, რის შემდეგაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საბოლოო განაჩენი გამოაცხადა.

ბრალდებულმა 2024 წლის 9 იანვარს ვარკეთილში, საკუთარ სახლში, მძინარე ქალს, ბასრი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მოკლა. 

ბრალდებულს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის ჰქონდა წარდგენილი. თუმცა, მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ დანაშაული გენდერული შეუწყნარებლობით არ იყო მოტივირებული და ბრალდებული დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” და “მ” ქვეპუნქტებით გათვალისიწნებული დანაშაული).

საქმის მასალების თანახმად, გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც ოჯახის ერთი წევრის  მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.   

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატების მიმართვის შემდეგ, საგამოძიებო ორგანომ არაერთი მოწმე გამოკითხა, რომლებმაც დაადასტურეს დანაშაულის ჩადენა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით. ადვოკატებმა მიმართეს პროკურატურას ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმების მოთხოვნით, რის შემდეგაც 2024 წლის 2 აპრილს პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი დაუზუსტა  - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და  „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ოჯახის წევრის მიმართ,  გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით.

გუშინ, 22 აგვისტოს გამართულ პროცესზე სასამართლოს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც წარედგინა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი სხეულის მრავლობითი ჭრილობებიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა გახდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ახალგაზრდა ქალს 19 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათგან 6 ჭრილობა ცალ-ცალკე და ერთობლიობაში იყო სიცოცხლისთვის სახიფათო.

საქმეზე ასევე დანიშნული იყო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის დასადგენად. 2024 წლის 28 მარტის  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ბრალდებული შერაცხადია და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო  ქმედების ჩადენის დროს მას შეეძლო  გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისით. 

ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის, უვადო თავისუფლების აღკვეთის, გამოყენების მოთხოვნით.

“უფლებები საქართველოს” იურისტები და დაზარალებული მხარე არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და იზიარებს საქართველოს პროკურატურის პოზიციას გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

„უფლებები საქართველო“  ამ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!