თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ქმრის მიერ ავტობუსში მოკლული 31 წლის ქალის საქმის განხილვა

2023 წლის 21 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ქმრის მიერ ავტობუსში მოკლული 31 წლის ქალის საქმის განხილვა, სადაც ფემიციდის მსხვერპლის დედის ინტერესებს „უფლებები საქართველო“ იცავდა. სასამართლომ გაითვალისწინა დანაშაულის სისასტიკე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი.
საქმე ეხება 2022 წლის მაისში თბილისში, გურამიშვილის გამზირზე №323 ავტობუსში ქმრის მიერ ქალის მკვლელობას. კაცმა 31 წლის ქალს, არასრულწლოვანი შვილების და სხვა მგზავრების თვალწინ, 27 ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებებისა და მამაკაცის დომინანტური როლის დემონსტრირების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში 39 წლის მამაკაცი დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც საქმის პროკურორმა, ასევე მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატმა. პროკურორი ითხოვდა, სასჯელის სახედ და ზომად მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენებას ეთანხმებოდა ფემიციდის მსხვერპლის დედაც.
მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული დასკვნა წარადგინა და სააპელაციო სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ მამაკაცის ადვოკატის მიერ წარდგენილი ალტერნატიული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა არ მიიჩნია სამართალწარმოების შეწყვეტის საკმარის საფუძვლად.
საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი.
„უფლებები საქართველო“ ფემიციდის მსხვერპლის დედის ინტერესებს 2023 წლის მარტიდან იცავს და გააგრძელებს დაზარალებულის წარმომადგენლობას უზენაეს სასამართლოშიც.
„უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.