შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ძალადობის მსხვერპლ ქალს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა

24 ოქტომბერი, 2023

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელიც მოძალადე ქმარს ორი არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე ედავება, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად, 13 წლის შვილთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა.

შესაბამისი დროებითი განკარგულება, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა ნოზაძემ, 23 ოქტომბერს გამოსცა. გარდა ამისა, სასამართლომ, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა დაავალა. 

„ჩემთვის ეს გადაწყვეტილება იმხელა სიხარულის მომნიჭებელია, რომ სიტყვებით ვერ აღგიწერთ“, - ამბობს გოგონას დედა. „ამდენი ხნის უნახავ შვილს რომ ჩავიკრავ გულში, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს დედისთვის?! დიდი მადლობა მოსამართლეს, რომ ჩემი თხოვნა დააკმაყოფილა“, - აღნიშნავს ძალადობის მსხვერპლი ქალი. 

ძალადობრივი გარემოდან თავის დასაღწევად, თავდაპირველად, დედამ ქმრის საცხოვრებელი სახლი ორივე შვილთან ერთად დატოვა. მოგვიანებით, მამამ ბავშვები თავისთან სტუმრად მიიპატიჟა იმ პირობით, რომ რამდენიმე დღეში დედასთან დაბრუნდებოდნენ, თუმცა პირობა არ შეასრულა და მათ წამოსაყვანად მისულ დედას შვილების დაბრუნებაზე უარი უთხრა. საბოლოოდ, 13 წლის გოგონა მამასთან აღმოჩნდა, მეორე ბავშვი, 9 წლის ბიჭი კი, ამჟამად დედასთან ცხოვრობს. 

დროებითი განკარგულების გამოცემისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების მიერ წარდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მამაკაცის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ უარი თქვა მოძალადე ქმრისთვის პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე. 

გარდა ამისა, „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს წინაშე წარადგინეს, გადაუდებელი დახმარების ცენტრში (112), ქალის მიერ განხორციელებული ზარის აუდიოჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები, რითაც ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები დასტურდებოდა. 

ბავშვების ადგილსამყოფელის განსაზღვრასთან ერთად, ძალადობის მსხვერპლი ქალი მოითხოვს, რომ მამას ნაწილობრივ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ასევე დაეკისროს ალიმენტი. 

„უფლებები საქართველო“ ძალადობის მსხვერპლ ქალს უფასო სამართლებრივ დახმარებას USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით უწევს. 
 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!