შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, თავშესაფრის მაძიებელმა ტანზანიის მოქალაქემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა მოიგო

22 ივნისი, 2023

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის მოქალაქემ, მ.მ.ჰ.-მ, რომელსაც  საქართველოში თავშესაფრის მიღება სურს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ მიმდინარე დავა მოიგო.

მ.მ.ჰ. თავისი გენდერული იდენტობის გამო ბავშვობიდანვე იყო შეურაცხყოფის, დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის, საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან. 2011 წელს, ის, სწავლის გაგრძელების მიზნით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წავიდა, სადაც, მისი გენდერული იდენტობის გამოაშკარავების გამო, პატიმრობაში ერთი თვის გატარება მოუწია. სწორედ ციხიდან გამოსვლის შემდგომ, ვინაიდან მას წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა, 2017 წელს მ.მ.ჰ. საქართველოში ჩამოვიდა და საერთაშორისო დაცვის მინიჭება მოითხოვა.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა თავდაპირველად მიიჩნია, რომ თავშესაფრის მაძიებელი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად, თუმცა, მას უარი ეთქვა სტატუსის მინიჭებაზე უსაფრთხოების მოტივებზე მითითებით. აღნიშნული გადაწყვეტილება „უფლებები საქართველოს“ დახმარებით,  გასაჩივრდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში. ორივე ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა, რომ მიგრაციის დეპარტამენტს თავიდან უნდა ემსჯელა საქმის გარემოებებზე და ისე მიეღო ახალი გადაწყვეტილება. 

აღნიშნულის მიუხედავად, 2022 წლის ნოემბერში, მიგრაციის დეპარტამენტმა მ.მ.ჰ.-ს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ბენეფიციარისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.

„უფლებები საქართველო“ ტანზანიის მოქალაქეს უფასო სამართლებრივი დახმარებას უწევს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.

მ.მ.ჰ.-ის ინტერესებს სასამართლოში „უფლებები საქართველოს“ იურისტი, ნინო, ხეცაძე, წარმოადგენს. ორგანიზაცია განაგრძობს ტანზანიის მოქალაქის უფლებების დაცვას საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!