შესვლა

ევროსასამართლომ აფხაზეთში დაკავებული ორი ქართველის საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა

10 მარტი, 2023

მოსარჩელეების ინტერესებს ევროსასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ახლანდელი „უფლებები საქართველო“ წარმოადგენდა 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 7 მარტს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია 2001 წელს - ლევან მამასახლისისათვის და 2003 წელს - გრიგოლ ნანავასთვის აფხაზეთში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობისათვის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ორივე ქართველის მიმართ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება არის პირველი, რომელშიც ევროსასამართლომ აღიარა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2008 წლამდე ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ლევან მამასახლისი 2001 წლის აგვისტოს სამშობლოს ღალატისა და სხვა ბრალდებებით დააპატიმრა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი დაპატიმრების საბაბი გახდა ინციდენტი, რომლის დროსაც დედის სახლში მყოფ მამასახლისს ხელნაკეთი ხელყუმბარა აუფეთქდა, რის შედეგადაც მან სერიოზული დაზიანებები მიიღო. 1922 წელს დაბადებული გრიგოლ ნანავა კი აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთისას დააკავეს და, ტერიტორიზმის ბრალდებით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

მოგვიანებით, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ორივე უკანონოდ მსჯავრდებული შეიწყალა. ნანავა - 2005 წელს, ხოლო მამასახლისი 2007 წელს ქართულ მხარეს გადასცეს. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მამასახლისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა ძალადობას, დამცირებას და წამებას, რათა მას ღალატი, ტერორიზმში მონაწილეობა და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა.  

სტრასბურგის სასამართლომ მამასახლისისა და ნანავას უფლებების დარღვევისათვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა იმ საფუძვლით, რომ მოსკოვი, სოხუმისთვის გაწეული სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, აფხაზეთზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა. იმავე საფუძვლით, ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ უფლებების დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა და განმარტა, რომ აფხაზეთზე ეფექტური კონტროლის არქონის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა  მამასახლისისა და ნანავას მიმართ ევროკონვენციით გარანტირებული უფლებების დასაცავად.

სტრასბურგის სასამართლომ მამასახლისისა და ნანავას ზიანის ასანაზღაურებლად რუსეთს თითოეულისთვის 35 000 ევროს, ხოლო სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად  ორივესთვის 23 300 ევროს გადახდა დააკისრა. 

მამასახლისისა და ნანავას სარჩელები სტრასბურგის სასამართლოში 2004 წელს „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ შეიტანა. მოსარჩელეების ინტერესებს წარმოადგენდნენ ადვოკატები - პავლე ბერია, ნათია კაციტაძე, ვახტანგ ვახტანგაძე და გიორგი მირცხულავა. სამართალწარმოების ბოლო ეტაპზე საქმეში ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრი (EHRHC) ჩაერთო.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!