შესვლა

კოალიცია პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესს აფასებს

27 იანვარი, 2023

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოამზადა შეფასება, რომელიც პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შერჩევის პროცესს განიხილავს. 

შეფასებაში განხილულია როგორც 2022 წლის 8-19 დეკემბრის პერიოდში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული საჯარო მოსმენები, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ წარდგენილმა 31-მა კანდიდატმა მიიღო, ისე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მთლიანად სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმირების აუცილებლობა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების კონტექსტში.

საკომიტეტო მოსმენების შეფასებისას, კოალიცია გამოყოფს ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორებიცაა: საკითხის მიმართ დაბალი პოლიტიკური ინტერესი (განსაკუთრებით, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან), გამჭვირვალობისა და პროცედურული დემოკრატიის კუთხით არსებული ხარვეზები, კანდიდატებისათვის დასმული კითხვების შინაარსი, ასევე კანდიდატთა თანასწორობის საკითხი. 

ქვემოთ გთავაზობთ შეფასების შემაჯამებელ ნაწილს. სრული ვერსიის სანახავად, გადადით ბმულზე.

შენიშვნა: გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაასრულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევის გარეშე. პროცესი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე განახლდება.

შეჯამება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ყოფნა და მათი ქმედითობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასამართლოში შიდა გავლენებისა და კორპორატივიზმის რისკების შემცირებისთვის. პარლამენტის მიერ საბჭოს წევრებად ისეთი პირების შერჩევა, რომლებიც დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალურობისა და კვალიფიციურობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ, მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება სასამართლო სისტემის გაჯანსაღების დაწყებისთვის. ეს ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც. შესაბამისად, კონკურსისა და უშუალოდ კანდიდატების საკომიტეტო მოსმენების ზემოთ აღნიშნული ხარვეზების მიუხედავად, პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ეს საკითხი მრავალპარტიული კონსენსუსით და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტოს. 

ამავდროულად, სასამართლო სისტემის სრულად გაჯანსაღებისთვის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტება საკმარისი არ არის და აუცილებელია თანადროული სისტემური რეფორმებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საბჭოს, როგორც სასამართლოს უმთავრესი ინსტიტუციის, სიღრმისეული რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც არამოსამართლე წევრების ქმედითობას, ასევე მთლიანად სასამართლო სისტემის დეცენტრალიზიაციას და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიების ზრდას. შესაბამისად, სისტემური რეფორმების განხორციელებაზე პოლიტიკური ნების არსებობის გარეშე, მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სასამართლოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ და რადიკალურ ცვლილებებს ნაკლებად მოიტანს. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს: 

- შეარჩიოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი, კომპეტენტური და პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, რომელთა მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა არსებობს;

- იუსტიციის უმაღლესო საბჭოს 5 წევრის არჩევის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს საპარლამენტო ოპოზიციასთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე;

- სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შეიმუშავოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და მთლიანად სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც ფოკუსირებული იქნება პოლიტიკური და შიდა კორპორატიული გავლენებისგან თავისუფალი სასამართლოს შექმნაზე.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!