შესვლა

"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №10

14 ნოემბერი, 2022

მას შემდეგ, რაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას შეუდგა, მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირის და გაწევრიანების პროცესის შესახებ. 

საქართველოში უკვე ფართოდ გავრცელებულ ტრადიციულ მითებს - რომ “ევროკავშირი ებრძვის ტრადიციულ ღირებულებებს და მართლმადიდებლობას”, “ევროპული ღირებულებები შეუთავსებელია ქართულ ღირებულებებთან” და სხვა - “ქართულმა ოცნებამ” შემატა შემდეგი ნარატივები:

- საქართველო, უკრაინის მსგავსად, უკვე იქნებოდა კანდიდატი ქვეყანა, რუსეთის წინააღმდეგ ომში რომ ჩაბმულიყო და გაეხსნა მეორე ფრონტი;

- დასავლეთს (ევროპა, აშშ)  უნდა, რომ საქართველოში დაიწყოს ომი, ხოლო “ქართული ოცნება” ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით და იცავს მშვიდობას;

- დასავლეთი (ევროპა, აშშ) ზურგს უმაგრებს “რადიკალურ” ოპოზიციას, რომელსაც საქართველოში ომი სურს;

- კანდიდატის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანი არ არის, რადგან პრაქტიკულად არაფერს ცვლის საქართველოსთვის;

- ევროკავშირში წევრობა შეზღუდავს საქართველოს სუვერენიტეტს;
ევროკავშირი ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ლახავს მის სუვერენიტეტს;

- ევროკავშირი ცდილობს მიაღწიოს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას.

აღნიშნული დეზინფორმაციული ნარატივები ვრცელდება მმართველ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების, სატელიტი პარტიებისა და პოლიტიკის მიმომხილველების (ე.წ. ექსპერტების) ქსელის მეშვეობით. 

მაგალითად, 12 ნოემბერს, ახლად დაფუძნებულმა “კონსერვატიულმა პორტალმა - საქართველო უპირველეს ყოვლისა” გაავრცელა პოლიტიკის მიმომხილველის, ზაალ ანჯაფარიძის ფეისბუკ-პოსტი, სათაურით: “ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვიდრე აქ მისთვის სასურველ ხელისუფლებას არ ნახავს”. 

თავისი მოსაზრების გასამყარებლად, ანჯაფარიძეს მოჰყავს ევროპარლამენტის ფრაქცია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) 11 ნოემბრის განცხადება, სადაც ისინი, ანჯაფარიძის თქმით, “ულტიმატიური ფორმით მოითხოვენ ხელისუფლებისგან და მმართველი პარტიისგან 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას, და ღია ტექსტით აცხადებენ, რომ “ეს არის გზა ევროკავშირის კანდიდატობისკენ”. ეს მაშინ როდესაც კარგად იციან რომ „ქართული ოცნება“ გავიდა ამ შეთანხმებიდან“.

“ისინი ასევე ულტიმატიური ფორმით ითხოვენ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და მას ფაქტიურად პოლიტპატიმრის სტატუსს ანიჭებენ. ეს განცხადება არის ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის 8 ნოემბრის რეზოლუციის გაგრძელება. ტექსტს აშკარად ეტყობა ქართული კვალი და ხელწერაც. როგორც ჩანს არ უნდათ რომ მუხტი ჩაქრეს”, - წერს ანჯაფარიძე. 

“დავუშვათ და საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლა გვარამიაც და ზედ სააკაშვილიც მიაყოლა. გახდება ეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობა? რა თქმა უნდა არა. იმიტომ, რომ ქვეყანას, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავდა, არაფერი ესაქმება ევროკავშირში და მან ხანგრძლივი გამოსაცდელი პერიოდი უნდა გაიაროს “გამოსასწორებლად”, - დასძენს იგი. 

ზაალ ანჯაფარიძის ეს განცხადება პროპაგანდისტული ხასიათისა, იმეორებს “ქართული ოცნების” ანტიდასავლურ რიტორიკას და მიზნად ისახავს, საზოგადოებაში გაამყაროს მოსაზრება, რომ, თითქოს, ევროკავშირი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ესწრაფვის.

სინამდვილეში, ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად ხელისუფლების შეცვლას არ აყენებს. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვ სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმირებას, ასევე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას.

რაც შეეხება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” იგი 2021 წლის ივლისის ბოლო დატოვა, დოკუმენტი ევროკავშირისთვის თავის პოლიტიკურ მნიშვნელობას კვლავ ინარჩუნებს. ამას მოწმობს ის, რომ 19 აპრილის შეთანხმება ნახსენებია ევროკომისიის მიერ საქართველოს განაცხადის თაობაზე  2022 17 ივნისს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში. კერძოდ, ევროკომისია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით, “19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით” უნდა გადაიჭრას.

ამასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც რამდენჯერმე გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ “შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისია თავის მოსაზრებაში “19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე” საუბრობს, რადგან სწორედ ეს შეთანხმება იყო მაგალითი იმისა, თუ რა ტიპის მუშაობაა საჭირო მხარეებს შორის. მხარეებს [ხელისუფლებას და ოპოზიციას] ახლა მოუწევთ, დასხდნენ და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე, ხოლო 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის”.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზაალ ანჯაფარიძის მიერ საკითხის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს, ALDE-ს განცხადებაში და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ბოლო რეზოლუციაში 19 აპრილის შეთანხმების ხსენება მიმართულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ, ობიექტური რეალობის დამახინჯების და საზოგადოებაში მცდარი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობას წარმოადგენს. 

რაც შეეხება “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას, ზაალ ანჯაფარიძე ამ საკითხებსაც ევროკავშირის მიმართ ნეგატიური მოლოდინების ჩამოსაყალიბებლად იყენებს. მაშინ როდესაც ევროკავშირი გვარამიას და სააკაშვილის საქმეებს ყურადღებით აკვირდება და, ამავდროულად, საქართველოსგან მედიაგარემოს გაუმჯობესებას, მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას და პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას მოელის, საკითხის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს, ამ საქმეების უცვლელად დატოვება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონიებს, არ შეესაბამება სიმართლეს. 

ახალი კონსერვატიული პორტალის შესახებ

რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას იმ ახალ ვებპლატფორმაზეც, რომელმაც ზაალ ანჯაფარიძის ფეისბუკ-პოსტი გაავრცელა. 

ვებპლატფორმის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” (www.geo-first.com) დამფუძნებლები არიან: ვატო შაქარიშვილი, ირმა სანაძე, ნუცა ლომაძე და კოტო გაჩეჩილაძე. ვატო შაქარიშვილი, გია გაჩეჩილაძესთან (უცნობთან) ერთად, ამავდროულად არის საზოგადოებრივი მოძრაობა “აი იას” დამფუძნებელიც, რომელიც მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკის აქტიური მხარდამჭერი და გამავრცელებელია. 

ახალი ვებპლატფორმის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ geo-first.com შეიქმნა “ტრადიციული ღირებულებების” დასაცავად. “პლატფორმა დაამყარებს კონტაქტებს ამერიკულ, ევროპულ და სხვა ქვეყნებში მოქმედ კონსერვატიულ  ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებთან. ვებპლატფორმა ყოველდღიურ რეჟიმში განახლდება და მომხმარებელს შესთავაზებს საინტერესო, არამეინსტრიმულ მასალებს”, - აღნიშნავენ მისი დამფუძნებლები.

 

***

მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
 
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!