"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №9
11 ნოემბერი, 2022“ევროპა ჭაობში იფლობა”, - ასე დაასათაურა ტელეკომპანია “სეზონმა” 31 ოქტომბრის შემაჯამებელი გადაცემის ერთი ნაწილი, რომელშიც წამყვანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, და სტუმარი, ვაჟა ოთარაშვილი, ევროპაში შექმნილ ეკონომიკური სირთულეებს განიხილავდნენ.
ორივე მათგანი ავითარებდა გავრცელებულ რუსულ ნარატივს, რომ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის პასუხად მოსკოვისთვის დაწესებულმა სანქციებმა უკუშედეგი გამოიღო; რომ რუსეთი ძლიერდება, ხოლო ევროპა იშლება; და რომ, ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკა უნდა შეცვალოს, და დასავლეთის და ევროპის ნაცვლად, რუსეთთან ითანამშრომლოს.
ევროპაში შექმნილი კრიზისული ვითარების საილუსტრაციოდ, მჟავანაძემ და ოთარაშვილმა ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში, ჩეხეთსა და ბრიტანეთში ბოლო პერიოდში მომხდარ ხალხმრავალ გამოსვლებზე, რომლებზეც დემონსტრანტები გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ. “სეზონის” გადაცემაში ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ გამოყენებულია ამერიკული ტელეარხის “ფოქს ნიუსის” წამყვანი, ტაკერ კარლსონი, რომელმაც 28 ოქტომბერს თავის საავტორო გადაცემაში ისაუბრა “ევროპის ეკონომიკურ კრახზე” და ამის ერთ-ერთ მაგალითად ბრიტანეთი მოიყვანა.
“დიდ ბრიტანეთში ხელისუფლებამ ივარაუდა, რომ 10 ათასი ბრიტანელი ამ ზამთარს სიცივისგან გარდაიცვლება. წარმოიდგინეთ, ინგლისში ადამიანები სიცივისგან მოკვდებიან! ასე რომ, ევროპა სწრაფი ტემპით მიდის უკან”, - ციტირებს აღშფოთებულ ტაკერ კარლსონს ტელეკომპანია “სეზონი”.
“რატომ ხდება ეს?”, - გრძელდება კარლსონის ციტატა. “მიზეზი არის უკრაინაში მიმდინარე ომი. ევროპაში ენერგომატარებლების უდიდესი ნაწილი მოდიოდა რუსეთიდან, რომელიც ახლა დასანქცირებულია იმისთვის, რომ დასაჯონ ვლადიმირ პუტინი”, - ამბობს “ფოქს ნიუსის” წამყვანი.
“და რა არის ამ სასჯელი შედეგი?”, - სვამს კითხვას კარლსონი. “შედეგი ის არის, რომ რუსული რუბლი გაცილებით მყარია ახლა, ვიდრე იყო ერთი წლის წინ. ამასობაში კი ევროპის ეკონომიკა კრახს განიცდის. მაშ როგორღა არის ეს ევროპის, დასავლეთის და დემოკრატიის გამარჯვება? ამას არავინ კითხულობს თეთრ სახლში. ამის მაგივრად ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპის თვითგანადგურების ფსონებს აორმაგებს”, - დაასკვნის იგი.
ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვემოწმებინა, მართლაც პროგნოზირებს თუ არა გაერთიანებული სამეფოს მთავრობა, რომ ამ ზამთარს, ბრიტანეთში, სიცივისგან 10 ათასი ადამიანი დაიღუპება; ასევე, რამდენად განაპირობებს სიკვდილიანობის ამ მაჩვენებელს უკრაინაში მიმდინარე ომი.
ინტერნეტში ძიებისას, ბრიტანეთის მთავრობის რაიმე განცხადებას, რომ ამ ზამთარს 10 ათასი ადამიანი სიცივით დაიღუპება, ვერ მივაკვლიეთ. სამაგიეროდ, იძებნება ბრიტანეთში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის “National Energy Action”-ის აღმასრულებელი დირექტორის, ადამ სქორერის ციტატები, რომ “ყოველწლიურად ბრიტანეთში სიცივისგან 10 ათასი ადამიანი იღუპება”.
2022 წლის აგვისტოში, სქორერის ეს მონაცემი, სააგენტო “როიტერზე” დაყრდნობით, თავის მასალაში მოჰყავს ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციას (ABC). იმავე მონაცემზე მიუთითებს ადამ სქორერი 2022 წლის აპრილში, ბრიტანულ რადიო LBC-სთან ინტერვიუში. სიკვდილიანობის ამავე მაჩვენებელზე საუბრობს სქორერი უფრო ადრეც, მაგალითად, 2020 წლის აპრილში, ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას, რომელიც სათბობის (საწვავის) ხელმიუწვდომლობის (Fuel poverty) პრობლემას ეხება. ამავე მონაცემებს უთითებს 2020 წლის თებერვალში გამოცემა “გარდიანი”, რომელიც “National Energy Action”-ის კვლევას ეყრდნობა. (ბრიტანეთის მთავრობა სათბობის ხელმიუწვდომლობას განმარტავს, როგორც მდგომარეობას, როდესაც ოჯახს აქვს დაბალი შემოსავალი და მოკლებულია შესაძლებლობას, გონივრულ ფასად გაათბოს საცხოვრებელი სახლი).
ზამთრის პერიოდში სათბობის ხელმიუწვდომლობის პრობლემა და ამით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის, სიკვდილიანობა, ბრიტანეთისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჯერ კიდევ 2000 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას შესაბამისი ზომების გატარებას ავალდებულებს. 2001 წელს კი გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სათბობის ხელმიუწვდომლობასთან ბრძოლის პირველი სტრატეგია (UK fuel poverty strategy) დაამტკიცა.
მთავრობის ძალისხმევის პარალელურად, სიცივით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები პერიოდულად ექცევა ბრიტანული მედიის ყურადღების ქვეშ. მაგალითად, 2016 წლის მარტში ბიბისი (BBC) იტყობინებოდა, რომ წინა წლის ზამთარში, ინგლისსა და უელსში დაფიქსირებული 43 ათასზე მეტი გარდაცვალების შემთხვევიდან, დაახლოებით 9 ათასი სათბობის ხელმიუწვდომლობით იყო გამოწვეული.
უნდა ითქვას, რომ ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურის ცვალებადობით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზამთარში უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, ზამთრის სიკვდილიანობის 10% სწორედ სათბობის ხელმიუწვდომლობის პრობლემით არის გამოწვეული. თავის მხრივ, სათბობის ხელმიუწვდომლობას განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საცხოვრებელი სახლების ენერგოეფექტიანობა (თბოიზოლაციის ხარისხი), სათბობის ფასები, ასევე ოჯახის შემოსავლები. ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადები კი საპენსიო ასაკის ადამიანები არიან.
განხილულ ფაქტებსა და მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიტანეთში სიცივით გამოწვეული სიკვდილიანობის პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა იგი არ წარმოქმნილა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის საპასუხოდ დაწესებული სანქციების შედეგად, როგორც ამას “ფოქს ნიუსის” წამყვანი, ტაკერ კარლსონი წარმოაჩენს.
რა თქმა უნდა, ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები ახდენენ გავლენას სათბობის ხელმიუწვდომლობაზე და, შესაბამისად, ქმნიან რისკებს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, თუმცა იმის მტკიცება, რომ რამდენიმე ათასი ბრიტანელი სწორედ უკრაინის ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ პრობლემებს ემსხვერპლება, ნაადრევი და საფუძველს მოკლებულია. მით უფრო მაშინ, როდესაც ჯერ შეფასებული არ არის, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული დახმარების პროგრამები (12 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტით), რომლებიც კომუნალური გადასახადებთან გასამკლავებლად დაბალშემოსავლიანი ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტელეკომპანია “სეზონის” ეთერში გასული, ამერიკელი ტელეწამყვანის ტაკერ კარლსონის ინფორმაცია, რომ უკრაინის ომის გამო ბრიტანეთის მთავრობა 10 ათასი ადამიანის სიცივით დაღუპვას ვარაუდობს, დიდწილად მცდარი და მანიპულაციურია. იგი ევროპის შესახებ ქართულ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების გამყარებას, ასევე ევროპის მიმართ უნდობლობის და შიშის დათესვას ემსახურება.
საყურადღებოა, რომ ტაკერ კარლსონი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი და ამერიკაში რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი რუპორია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის პირდაპირ იმეორებს რუსულ ნარატივს, რომ ევროპა ამ ზამთარს გაიყინება, რასაც რუსული “გაზპრომი” და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აცხადებენ.
***
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60