"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №8
7 ნოემბერი, 2022საქართველოში ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები. როგორც წესი, ისინი ადანაშაულებენ ევროკავშირს იმაში, რომ იგი ებრძვის ტრადიციულ ღირებულებებს და მართლმადიდებლობას.
მორიგი ასეთი განცხადებით, 18 ოქტომბერს, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში გამოვიდა ვაკეში მოქმედი მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი საბა ჭიკაიძე.
“ევროპა, ევროკავშირი… მე მთხოვს, რომ უარი ვთქვა იმ ტრადიციულ ღირებულებებზე და იმ ისტორიაზე, რომლითაც მე დღემდე მოვედი”, - განაცხადა დეკანოზმა.
“ქართველი ადამიანისთვის ქართველობა და მართლმადიდებლობა იდენტური ცნებები იყო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩვენს მართლმადიდებლურ იდენტობაზე უარის თქმა”, - აღნიშნა მან. “დღეს სულ სხვა იდენტობას გვთავაზობენ. ჩანაცვლება უნდათ… ეს იქნება დაღუპვა და გადაგვარება ქართველობისა”, - დასძინა დეკანოზმა.
ამასთან, გადაცემის წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, გამოხატავს თუ არა ეს მოსაზრება საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას, დეკანოზმა დადებითი პასუხი გასცა.
სინამდვილეში, ევროკავშირი საქართველოსგან მართლმადიდებლურ იდენტობაზე უარის თქმას არ მოითხოვს. უფრო მეტიც, ევროკავშირის ოთხ წევრ სახელმწიფოში (საბერძნეთი, კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი) 40 მილიონამდე მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს და მათ რწმენასა და იდენტობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
ევროკავშირი არც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმას მოითხოვს, მათ შორის, არ აკისრებს წევრ სახელმწიფოებს ვალდებულებას, რომ კანონით დასაშვები გახადონ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება. ევროკავშირის ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა პოლონეთი და ხორვატია, კონსტიტუციითა განსაზღვრული, რომ ოჯახი წარმოადგენს ქალისა და კაცის კავშირს. საყურადღებოა, რომ ხორვატიამ ოჯახის ასეთი განმარტება კონსტიტუციაში შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ.
ამდენად, განხილულ ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეკანოზ საბა ჭიკაიძის განცხადება მანიპულაციური ხასიათისაა და ევროკავშირის შესახებ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების გამყარებას ემსახურება.
***
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60