ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ პირველად განიხილა სექსუალური შევიწროების საქმე

„უფლებები საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე სასამართლომ სექსუალური შევიწროების ფაქტზე პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო
ეთერ არსანიძის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში საჯაროდ განთავსებულ პოსტს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდგომ, სამართალდამრღვევი Facebook პოსტის ავტორის სამსახურთან მივიდა. ის კარებზე ბრახუნით და ხმამაღალი, აგრესიული ტონით აგრძელებდა ეთერ არსანიძის მიერ დაწერილი პოსტის გამო უკმაყოფილების გამოხატვას.
„უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრმა სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოს მიმართა, რომელმაც დააკმაყოფილა მოთხოვნა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.
ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ Facebook-ში ღირსების შემლახველი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კომენტარები, ეთერ არსანიძის სამუშაო ადგილთან მისვლა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა სექსუალური ხასიათის არასასურველ ქცევად მიიჩნია.
სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია, პირი ცნო სამართალდამრღვევად და სახდელის სახით ჯარიმა, 300 ლარის ოდენობით, განუსაზღვრა.
საყურადღებოა, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს პრაქტიკაში, პირველად მოხდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166(1) მუხლის (სექსუალური შევიწროება) საფუძველზე შედგენილი ოქმის განხილვა.
„უფლებები საქართველოს“ უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრები თბილისში, ამბროლაურში, ჭიათურასა და თელავში ფუნქციონირებენ და სამართლებრივ კონსულტაციას უწევენ ნებისმიერ პირს, ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესებს კი წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებსა ანდა სასამართლოში.
სამართლებრივი დახმარების ცენტრები გაიხსნა პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით.