შესვლა

"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №7

28 ოქტომბერი, 2022

ბოლო პერიოდში, საქართველოში ანტიდასავლური/ანტიევროპული პროპაგანდა სულ უფრო მეტად არის ფოკუსირებული ევროპაში შექმნილ ეკონომიკურ სირთულეებზე.

ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება, ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, ევროს გაუფასურება, ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რასაც რუსული პროპაგანდა სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის იყენებს. 

ასე მაგალითად, 11 ოქტომბერს, რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესების თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის განცხადების პასუხად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ “ევროკავშირში უკვე აღარ ბანაობენ, არ რეცხავენ ტანსაცმელს, არ ყიდულობენ ტუალეტის ქაღალდს, არ ასხამენ საწვავს ავტომობილებში, ხოლო სახლებში არ იხდიან ტანსაცმელს. ამ კლოუნს კი ახალი პაკეტი სჭირდება. ეტყობა, ძველი უკვე გამოიყენა”. ზახაროვას ეს განცხადება ქართულ მედიაშიც გაშუქდა

რუსულ პროპაგანდას, რასაკვირველია, საქართველოში მოქმედი ულტრამემარჯვენე ჯგუფები და მათთან დაკავშირებული მედიაარხებიც არ ჩამორჩებიან. 

“ევროპა ინგრევა” - ასეთი ჰეშთეგით, 23 ოქტომბერს, ქართულენოვანმა ტელეგრამ არხმა “მსოფლიო პოლიტიკამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპაში სიღარიბის ინდექსმა “ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია და აგრძელებს ზრდას”. მონაცემების საილუსტრაციოდ, არხმა ინფორმაციას ინგლისურენოვანი დიაგრამაც დაურთო. 

“მსოფლიო პოლიტიკის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია პრიმიტიული ანტიდასავლური/ანტიევროპული პროპაგანდის ნიმუშია, რამდენიმე მიზეზის გამო: 

1) ის მანიპულირებს ცალკეული ეკონომიკური მონაცემებით. მართალია, ინფორმაციაში განმარტებულია, რომ “სიღარიბის ინდექსი” წარმოადგენს უმუშევრობის დონისა და ინფლაციის მაჩვენებლის ჯამს, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ აღნიშნული ინდექსი არ წარმოადგენს ეკონომიკური სირთულეების ზუსტ საზომს. გარდა ამისა, ეკონომიკურ საკითხებში გაუთვიცნობიერებელ მკითხველმა, შესაძლოა გააკეთოს მცდარი დასკვნებიც. მაგალითად, მკითხველს შეიძლება ეგონოს, რომ მაღალია არა მხოლოდ ინფლაციის დონე, არამედ უმუშევრობის მაჩვენებელიც. არადა, ევროსტატის უახლესი ინფორმაციით, აგვისტოში უმუშევრობის დონე 6.0%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2022 წლის განმავლობაში პრაქტიკულად სტაბილურია და წინა თვესთან შედარებით ოდნავ გაუმჯობესებულიც. 

2)  არ აძლევს საშუალებას მკითხველს, ჩაუღრმავდეს პრობლემის არსს. მკითხველს არ მიეწოდება არც ინფლაციის და არც უმუშევრობის ზუსტი მაჩვენებლები. ინფორმაციიდან არ ირკვევა, თუ რამ გამოიწვია ინფლაციის ზრდა, როგორ აისახება ეს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე და ა.შ. არ გვაქვს პასუხი კითხვაზე: საიდან ვიცით, რომ სიღარიბის ინდექსი მზარდია. გარდა ამისა, იგნორირებულია ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების ძალისხმევა, რასაც ისინი გასწევენ მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად, მათ შორის, ენერგიაზე გაზრდილ ფასებთან გამკლავების კუთხით. 

3) ორიენტირებულია ემოციურ ზემოქმედებაზე და არა ინფორმირებაზე. ჰეშთეგი “ევროპა ინგრევა” მკითხველში შიშის, განგაშის და მსგავსი ნეგატიური გრძნობების გამოწვევას ემსახურება და ობიექტურად არ ასახავს იმ ეკონომიკურ სირთულეებს, რასაც ევროპის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ წააწყდნენ. 

ინფორმაციის პროპაგანდისტულ ხასიათზე მისი გავრცელების ტრაექტორიაც მიუთითებს. 

ევროპაში სიღარიბის ინდექსის ისტორიული მაქსიმუმის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, ტვიტერის მომხმარებელმა ალესიო ურბანმა 20 ოქტომბერს გაავრცელა. ინფორმაცია წარმოდგენილია დიაგრამის სახით, რომელსაც აღწერილობის სახით მხოლოდ ერთი წინადადება ერთვის. იმავე დღეს, იგივე ინფორმაცია რუსულ ვებსაიტ Dzen.ru-ზე გავრცელდა, ხოლო მომდევნო დღეს, 21 ოქტომბერს, News2.ru-ზე გამოქვეყნდა.  

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდა ისეთ მსხვილ ინგლისურენოვან პროპაგანდისტულ ვებსაიტზე, როგორიცაა Conservapedia (ულტრამემარჯვენე მიმართულების ონლაინ ენციკლოპედია, რომელიც 2006 წლიდან Wikipedia-ს ალტერნატივად პოზიციონირდება). 

კერძოდ, Conservapedia-ს სტატიაში, სათაურით “ნატოს ომი უკრაინაში” (სწორედ ასე განსაზღვრავს აღნიშნული ინტერნეტ რესურსი 2014 წლიდან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს) 21 ოქტომბერს შევიდა სარედაქციო ცვლილება. სტატიის ქვეთავში, რომელიც “ეკონომიკურ ომს” ეხება, გაჩნდა ევროპაში სიღარიბის ინდექსის ამსახველი დიაგრამა. სწორედ ის, რომელიც თავდაპირველად ტვიტერის მომხმარებელმა ალესიო ურბანმა გაავრცელა. თავის მხრივ, Conservapedia აღნიშნული დიაგრამის წყაროდ არა უშუალოდ ხსენებულ ტვიტერის მომხმარებელს, არამედ ინტერნეტ რესურს Investment Watch Blog-ს უთითებს. 

საბოლოოდ, განხილულ ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ  ევროპაში სიღარიბის ინდექსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის შესახებ ტელეგრამ არხ “მსოფლიო პოლიტიკის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თავისი შინაარსით და გავრცელების გზებით, წარმოადგენს ანტიდასავლური/ანტიევროპული პროპაგანდის პროდუქტს. მისი მიზანი, ერთი მხრივ, ევროპის სისუსტის დემონსტრირება, მეორე მხრივ კი, ქართველ მკითხველზე ინფორმაციულ-ემოციური ზეგავლენის მოხდენაა.

***

მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
 
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!