"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №6
21 ოქტომბერი, 2022ულტრამემარჯვენე ჯგუფები ანტიდასავლური/ანტიევროპული პროპაგანდის წარმოებას აქტიურად განაგრძობენ. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია, “ალტ-ინფოს” სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის საბჭოს თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა.
2022 წლის 8 ოქტომბერს, გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა” დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოს და უკრაინას უცხოელებისათვის მიწის მიყიდვას ავალდებულებს.
“მოდით, ვნახოთ, რას წერს ევროკავშირთან ასოცირების 200 საიდუმლო მუხლი. რატომ გვიმალავენ ამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას? რა იყო ჩადებული 2006-2011 წელს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში არსებულ იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის როგორც მავალდებულებელი დოკუმენტი იყო თავს მოხვეული? შემთხვევით ის ხომ არა, რომ მიწა უნდა გაგვეყიდა ზუსტად ისე, როგორც უკრაინას გააყიდინეს”? - თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
“უკრაინასაც ვერ აყიდინებდნენ იმიტომ, რომ ვერც კუჩმას დროს, ვერც მერე, [სხვა] პრეზიდენტების დროს, ვერ მოახერხეს საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ დაეთანხმებინათ, უკრაინული მიწა გაეყიდათ. მოვიდა ზელენსკი და გადაადგმევინეს ნაბიჯი”, - განაგრძო მან.
“შესაბამისად, 2019 წლიდან მილიონობით ჰექტარია გაყიდული უკრაინაში. ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია! მე უბრალოდ ვერც კი გისახელებთ. სახელმწიფოების მიერ არის ოფიციალურად ნაყიდი”, - თქვა ლორთქიფანიძემ. “დღეს, როდესაც უკრაინის ოთხი ოლქი იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ მიერთებული, ამან საერთოდ წითელი ხაზები გადააკვეთინა ბევრ ქვეყანას იმიტომ, რომ .. სხვანაირად უნდა გაენაწილებინათ და დაეცალკევებინათ უკრაინა საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე”, - დასძინა მან.
დიმიტრი ლორთქიფანიძის ეს განცხადებები აშკარა ტყუილს შეიცავს. რასაკვირველია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმება არავითარ 200 საიდუმლო მუხლს არ შეიცავს და არ ადგენს რაიმე ვალდებულებას, რომ საქართველომ უცხოელებზე მიწის გასხვისება დაუშვას.
ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი ამ სიცრუის შენიღბვას ნაწილობრივ მართალი ფაქტებით ცდილობს. ის ახსენებს ევროკავშირთან თანამშრომლობის 2006-2011 წლების სამოქმედო გეგმას, სადაც ნამდვილად აღნიშნულია, რომ საქართველო ხელს შეუწყობს მიწის პრივატიზაციას და მიწის ბაზრის ლიბერალიზაციას.
მართლაც, საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება ცდილობდა სოფლის მეურნეობის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, მათ შორის, მიწის გასხვისების გზით, თუმცა 2014 წლის მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაახლოებით 18.500 ჰექტარ მიწას ფლობდნენ, რაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწის მთელი ფართობის დაახლოებით 0.7 პროცენტი იყო.
მიუხედავად ასეთი დაბალი მაჩვენებლისა, უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი თავიდანვე გახდა ეროვნული სენტიმენტებით მანიპულირების საგანი, განსაკუთრებით ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. ამ საკითხმა “ქართული ოცნების” პოლიტიკის დღის წესრიგშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე წელს, “ქართულმა ოცნებამ” უცხოელებზე მიწის გასხვისებაზე ჯერ დროებითი აკრძალვა შემოიღო, 2018 წელს კი უცხოელებზე მიწის გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალა.
რაც შეეხება უკრაინას, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება უცხოელებზე მიწის გასხვისებას არც მას ავალდებულებს. უფრო მეტიც, უკრაინაში წლების განმავლობაში მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი მოქმედებდა. 2020 წელს პრეზიდენტ ზელენსკის ხელმოწერით ამოქმედებულმა კანონმა მორატორიუმი მოხსნა, თუმცა მიწის გასხვისება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებისათვის გახადა ნებადართული. ამავე კანონის თანახმად, უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს.
საბოლოოდ, განხილული ფაქტებისა საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ევროკავშირი უკრაინას და საქართველოს უცხოელებზე მიწის გასხვისებას ავალდებულებს სიცრუეა.
დეზინფორმაციის მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური/ანტიევროპული განწყობების გაძლიერება და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისადმი უნდობლობის დათესვა, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის დისკრედიტაციაა.
***
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60