შესვლა

"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №5

7 ოქტომბერი, 2022

საქართველოში ანტიდასავლური/ანტიევროპული დეზინფორმაციული ნარატივების გასავრცელებლად, ულტრამემარჯვენე ჯგუფები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების თავისებური ინტერპრეტაციითა და ფაქტების დამახინჯებით. მათი ყურადღების ქვეშ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული სხვა ცხელი კერებიც ექცევა. გამონაკლისი არც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაა, სადაც სექტემბრის შუა რიცხვებში განახლებულ ხანმოკლე საბრძოლო მოქმედებებს ორივე მხრიდან 300-მდე მეომარი ემსხვერპლა. 

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ინტერნეტში გავრცელდა ორი ვიდეო, რომელთაგან ერთში ჩანს სავარაუდოდ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ სომეხი ქალი სამხედროების გაშიშვლებული გვამების შეურაცხყოფა, ხოლო მეორეში - ექვსი უიარაღო სომეხი ჯარისკაცის დახვრეტა. სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა. თავის მხრივ აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებს. 

წინამდებარე ანგარიშში, ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორც ცდილობს საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ტელეგრამ არხი “მსოფლიო პოლიტიკა” ევროკავშირის სამშვიდობო პოლიტიკის დისკრედიტაციას სწორედ გავრცელებული ვიდეომასალის გამოყენებით. 

როგორ არის მოწოდებული ძალადობის ამსხაველი ვიდეომასალა

6 ოქტომბერს, “მსოფლიო პოლიტიკამ” გამოაქვეყნა სომეხი ქალი სამხედროების გვამების შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეო, რომელსაც ფოტოს სახით დაურთო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ციტატა: “ევროკავშირი არ დააწესებს სანქციებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ და ასევე არ გაწყვეტს გაზის იმპორტთან დაკავშირებულ კონტრაქტებს, აზერბაიჯანი ჩვენი საიმედო პარტნიორია”. (შენიშვნა: ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე, ვიდეოს ლინკს შეგნებულად არ ვაქვეყნებთ).

ვიდეოსა და ჯოზეფ ბორელის ციტატას ახლავს ტელეგრამ არხის ავტორის კომენტარიც: “აზერბაიჯანელების მიერ მხეცურად ნაწამები და დახოცილი სომეხი ქალი სამხედროები. მეორე ფოტოში ხედავთ ნათელი და სამართლიანი ევროპის, უმაღლესი პირის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას”. 

ცხადია, რომ ტელეგრამ არხის ავტორი ევროპის მისამართით განგებ იყენებს ეპითეტებს “ნათელი და სამართლიანი”, რათა ერთგვარი ირონიით ხაზი გაუსვას იმას, რომ, თითქოს, სინამდვილეში საქმე პირიქითაა. რომ თითქოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არსებულ ვითარებაში სამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. აგრესორი რუსეთის მიმართ ევროკავშირმა ხომ სანქციების არაერთი პაკეტი დააწესა?!

რას აკეთებს ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადასაჭრელად

ჯოზეფ ბორელმა აზერბაიჯანისთვის სანქციების შესაძლო დაწესების თაობაზე განცხადება 4 ოქტომბერს, ევროპარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ ევროპარლამენტარების კრიტიკულ კითხვებს უპასუხა. მართალია, ქართულ ტელეგრამ არხს “მსოფლიო პოლიტიკას” მისი ციტატა ზუსტად არ მოჰყავს, თუმცა ბორელმა ევროპარლამენტარების კითხვებზე პასუხისას განმარტა, რომ ევროკავშირის არც ერთი წევრ სახელმწიფო აზერბაიჯანისათვის სანქციების შემოღების ინიციატივით არ გამოსულა, და დასძინა, რომ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ წევრი-ქვეყნები იღებენ. 

ბორელმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანიდან გაზრდილი ოდენობით გაზის იმპორტის მნიშვნელობას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ შეთანხმებას ზიანი არ მოუტანია არც ერთი იმ საკითხისთვის, რომელიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებს უკავშირდება. 

იმავე სხდომაზე გამოსვლისას, ბორელმა დაგმო აზერბაიჯანის აგრესია და სომხეთის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, ასევე ისაუბრა იმ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რასაც ბრიუსელი სამხრეთ კავკასიის ორი დაპირისპირებულ სახელმწიფოს შესარიგებლად ატარებს. კერძოდ, ბორელმა აღნიშნა, რომ 1) ევროკავშირის შუამავლობით იმართება შეხვედრები სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის, 2) ევროკავშირი აფინანსებს განაღმვით სამუშაოებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში, 3) ევროკავშირი მუშაობს იმისათვის, რომ ოქტომბრის ბოლომდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენმა კომისიებმა მუშაობა განაახლონ და ბრიუსელში შეხვედრა გამართონ. 

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოსაგვარებლად ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალისხმევას მართლაც არ იშურებს. სწორედ ბრიუსელის შუამავლობით გახდა შესაძლებელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის ორგანიზება. 

2021 წლის დეკემბრიდან მოყოლებული 5 ასეთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, უკანასკნელი 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შუამავლობით. შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა: სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის დეკემბრის მდგომარეობით არსებულ საზღვრებში, გარდა ამისა, ოქტომბერში, სომხეთში ორი თვის ვადით გაიგზავნება ევროკავშირის მისია, რომლის მიზანიც იქნება მხარეებს შორის ნდობის განმტკიცება, ასევე ორ ქვეყანას შორის საზღვრის დამდგენი კომისიების მუშაობის ხელშეწყობა. 

ამ მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესის ფონზე, როდესაც ევროკავშირი ყველა ღონეს ხმარობს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საბოლოოდ მოსაგვარებლად და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, ბუნებრივია, აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესება, რის აუცილებლობაზეც მიანიშნებს ტელეგრამ არხი “მსოფლიო პოლიტიკა”, ვერ იქნება ხელშემწყობი ინსტრუმენტი რეგიონში ვითარების გასაუმჯობესებლად. 

სანქციები და რუსეთის როლი

მაშ, რატომ იყენებს სანქციებს ევროკავშირი ერთი აგრესორის წინააღმდეგ (რუსეთი), ხოლო მეორის (აზერბაიჯანი) წინააღმდეგ - არა, - შეიძლება იკითხოს ტელგრამ არხის “მსოფლიო პოლიტიკის” გამომწერმა. 

უნდა განვმარტოთ, რომ ამ შემთხვევაში განსხვავება არსებითია.

რუსეთის შემთხვევაში:

- ევროკავშირმა სანქციების პირველი რამდენიმე პაკეტი 2014 წელს, უკრაინული ყირიმის ანექსიის, ასევე დონბასში სეპარატისტული რეჟიმების დამყარებისა და სამხედრო აგრესიის გამო დააწესა. 

- სანქციების რვა ახალი პაკეტი დაწესდა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, რასაც სამხედრო დანაშაულები და უკრაინის ტერიტორიის 20% ოკუპაცია მოჰყვა. 

აზერბაიჯანის შემთხვევაში:

- მართალია, 2022 წლის მაისში მომხდარი სასაზღვრო შეტაკებების და სექტემბერში განახლებული სამხედრო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიის 0.17% (50 კვ.კმ.) დაიკავა, ასევე გაანადგურა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სწორედ სომხეთი ახორციელებდა 1993-2020 წლებში აზერბაიჯანის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის (მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე 7 რაიონი) ოკუპაციას და დღემდე იკავებს ყარაბაღის რამდენიმე რაიონს, სადაც 2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

ამდენად, თუ სანქციების დაწესების საფუძვლად ტერიტორიების ოკუპაციას მივიჩნევთ, ნათელია, რომ ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად გაცილებით მყარი საფუძველი აქვს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დაცვის კუთხით ევროკავშირის როლის გაანალიზებისას, მხედველობაში ასევე უნდა მივიღოთ რეგიონში ძალთა გადანაწილებაც.

იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანს თურქეთის მყარი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, სომხეთი რჩება რუსეთის ლიდერობით მოქმედი სამხედრო ალიანსის (ОДКБ) იმედის ამარა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე მიტანილი იერიშების პასუხად, აღნიშნულმა ალიანსმა სომხეთის ქმედითი დახმარება არ აღმოუჩინა. საყურადღებოა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზა, ხოლო სომხეთის სახელმწიფო საზღვარს იცავს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო ძალები. 

შესაბამისად, ვიდრე ევროკავშირს აზერბაიჯანისათვის სანქციების არდაწესების გამო გავაკრიტიკებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ ვინმეს აგრესორისგან სომხეთის დაცვა ევალებოდა და ხელეწიფებოდა, სწორედ რუსეთის ფედერაცია იყო.

დასკვნა

საბოლოოდ, განხილული ფაქტებისა საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტელეგრამ არხის “მსოფლიო პოლიტიკის” მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ევროკავშირის როლის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი მანიპულაციურია. იგი ორიენტირებულია იმაზე, რომ ძალადობის ამსახველი მძიმე ვიდეოკადრების მეშვეობით, აღძრას ბრაზი ევროკავშირის მიმართ და წარმოაჩინოს იგი, როგორც აგრესორის წინაშე უსუსური, უსამართლო ორგანიზაცია. 

სინამდვილეში, ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დასამყარებლად ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვან შედეგებსაც აღწევს, რასაც 6 ოქტომბერს პრაღაში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის მიღწეული შეთანხმებაც მოწმობს.

***

მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
 
პროექტის შესახებ:
https://rights.ge/ka/projection/60

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!