"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №4

ულტრამემარჯვენე მოძრაობა “ალტ-ინფო”, რომელიც საქართველოში ანტიდასავლური დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, კვლავაც განაგრძობს ძალისხმევას საზოგადოებაში იმ აზრის დასამკვიდრებლად, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი წარმოადგენს რუსეთისა და დასავლეთის კონფლიქტს და რომ ამ დაპირისპირებაში დასავლეთი, კერძოდ, კი ევროკავშირი სუსტდება.
ამ აზრის გასამყარებლად “ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 21 სექტემბერს, ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ევროკავშირის გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს. წინამდებარე ანგარიშში ამ პოსტის შინაარს გავაანალიზებთ.
“იმ ფონზე, როცა რუსეთი მობილიზაციას აცხადებს და დრამატულად გაიზრდება მისი სამხედრო შესაძლებლობები, ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმე სირთულეების წინაშე დგას და ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო ბალანსი დიდი სისწრაფით უარესდება”, - წერს შოთა მარტინენკო.
თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად მას სტატისტიკური მონაცემებიც მოჰყავს. “2022 წლის პირველ შვიდ თვეში სავაჭრო დეფიციტმა 244,2 მილიარდი შეადგინა, 2021 წლის იმავე პერიოდში კი 98 მილიარდი ევრო პროფიციტი დაფიქსირდა”, - განმარტავს შოთა მარტინენკო. “პ️რობლემის მასშტაბი რომ გავაცნობიეროთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე დიდი სავაჭრო დეფიციტი ევროკავშირის ისტორიაში 7 თვის განმავლობაში იყო 2008 წლის ნოემბერში - 87,5 მილიარდი ევრო”, - აღნიშნავს იგი. “ანუ რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის ფონზეც კი კიდევ საკითხავია, დასავლეთის ერთობისთვის საფრთხის შემცველი მთავარი კრიზისი უკრაინის ბრძოლის ველზე თუ ევროპის ეკონომიკაში დადგება”, - ასკვნის “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი.
მართალია, აღნიშნული ფეისბუკ პოსტი ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებსაც შეიცავს და ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი ბოლო ორი ათწლეულის ისტორიულ მაქსიმუმზეა, ეს პოსტი მაინც შეგვიძლია მივიჩნიოთ ინფორმაციით მანიპულირების ნიმუშად, ორი მთავარი მიზეზის გამო:
1) პირველ რიგში, რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციასა და ევროკავშირის სავაჭრო ბალანსის გაუარესებას შორის არავითარი კავშირი არ არის. ევროსტატი - ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში განმარტავდა, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში სავაჭრო დეფიციტის წარმოშობის ძირითადი მიზეზი იმპორტირებულ გაზსა და ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა იყო. ამასთან საგულისხმოა, რომ ევროსტატმა საგარეო ვაჭრობის შესახებ უახლესი მონაცემები 15 სექტემბერს გაასაჯაროვა, “ალტ-ინფოს” ლიდერმა კი ეს მონაცემები თავის ფეისბუკ გვერდზე 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების დღეს გამოაქვეყნა. ამ თანხვედრასთან ერთად, გასაკვირი, ალბათ, არც ის უნდა იყოს, რომ შოთა მარტინენკოს პოსტის წყარო რუსული ტელეგრამ არხი Spydell_finance გახდა.
უნდა ითქვას, რომ თუ მაინც და მაინც რუსეთის სამხედრო მობილიზაციის ეკონომიკურ ეფექტზე ვსაუბრობთ, ის პირველ რიგში სწორედ რუსეთზე აისახა. მობილიზაციის გამოცხადების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ მოსკოვის საფონდო ბირჟამ ჩამოშლა დაიწყო. რუსეთის ათასობით მოქალაქე კი, ომში გაწვევისგან თავის ასარიდებლად, რუსეთის მეზობელ ქვეყნებს მიაწყდა.
2) “ალტ-ინფოს” ლიდერის ფეისბუკ პოსტის მანიპულაციურ ხასიათი იმაშიც ვლინდება, რომ ის ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტს გლობალური ეკონომიკური პროცესების კონტექსტის მიღმა განიხილავს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს გლობალური მშპ-ის ზრდა მკვეთრად შემცირდება და 3%-ს შეადგენს, გაიზრდება ინფლაცია, ხოლო საკვები პროდუქტების დეფიციტი დაბალშემოსავლიან ქვეყნებში შიმშილის რისკებს გაზრდის. აღნიშნული პრობლემების წყაროა უკრაინაში მიმდინარე ომი, მსოფლიოში საკვებსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, აგრეთვე მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებული სირთულეები, რასაც ჩინეთის “ნულოვანი Covid-ის” პოლიტიკა განაპირობებს.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ცალკე აღებული სავაჭრო დეფიციტის მონაცემები ერთმნიშვნელოვანი ეკონომიკური დასკვნების საფუძველი ვერ გახდება. მაგალითად, მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა - ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო რამდენიმე ათწლეულია მუდმივი სავაჭრო დეფიციტის პირობებში ვითარდება. აშშ-ში სავაჭრო დეფიციტი უახლესი სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება.
სავაჭრო დეფიციტი დღეისათვის ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. მას ადგილი აქვს თურქეთშიც, სადაც მიმდინარე წლის ივლისში ამ მაჩვენებელმა 1984 წლის შემდეგ რეკორდულ დონეს მიაღწია. რეკორდული სავაჭრო დეფიციტი აქვს იაპონიასაც. აღარაფერს ვიტყვით საქართველოზე, რომელიც 2021 წლის ბოლოს ყველაზე მაღალი სავაჭრო დეფიციტის მქონე ქვეყნების პირველ ოცეულში აღმოჩნდა.
მათ, ვისაც ევროკავშირისა და რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შეფასება სურთ, მიმდინარე გლობალური პროცესების გარდა, ამ ორი აქტორის საწყისი მონაცემების გათვალისწინებაც მოუწევთ. ევროკავშირი მსოფლიოს მესამე ეკონომიკაა. 2021 წელს, გლობალურ მშპ-ში მისი წილი 14.8% შეადგენდა მაშინ, როდესაც რუსეთის ანალოგიური მონაცემი 3%-ს ოდნავ აღემატებოდა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მონაცემების შედარებისას კი, დავინახავთ, რომ, 2021 წლის მდგომარეობით, რუსეთი თითქმის სამჯერ ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს და 10-ჯერ ევროკავშირში პირველ ადგილზე მყოფ ლუქსემბურგს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლობალური ეკონომიკაში მიმდინარე გაუარესების ტენდენციები გვერდს ვერ აუვლის ვერც რუსეთს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა - 6%-ით, მომდევნო წელს კი კიდევ 3.5%-ით შემცირდება.
საყურადღებოა ისიც, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი მის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე ღიად საუბრობს და სტატისტიკურ ინფორმაციას რეგულარულად აქვეყნებს, თავად რუსეთმა აპრილიდან მოყოლებული საკვანძო სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია დახურა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოფიციალურ სტატისტიკაზე წვდომის შეზღუდვით, რუსეთი მიზნად ისახავს, დამალოს რეალური ეკონომიკური პრობლემები, მონაცემი ომზე გაწეულ ხარჯებზე, ასევე ინფორმაცია ჩრდილოვანი იმპორტის შესახებ, რასაც ის სავარაუდოდ სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს.
ამდენად, განხილული ფაქტებისა და მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტის შესახებ “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერის პოსტი მანიპულაციურია, რამდენადაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით, მეორე მხრივ კი, პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციაზე ხაზგასმით, ევროკავშირის სისუსტისა და რუსეთის უპირატესობის წარმოჩენას. არადა მსგავსი საკითხების სრულყოფილი განხილვისათვის საფუძვლიანი და მრავალმხრივი კვლევაა საჭირო.
***
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60