"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №3
7 სექტემბერი, 2022ულტრამემარჯვენე მოძრაობა “ალტ-ინფო” საქართველოში ანტიდასავლური დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთ ნარატივად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის მცდარი აზრი, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის სიკეთის მომტანი არ არის, რასაც “ალტ-ინფოს” სატელევიზიო ეთერში ამავე მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე გასულ კვირასაც ამტკიცებდა.
კერძოდ, 2022 წლის 29 აგვისტოს, ზურაბ მახარაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და განაცხადა შემდეგი: “ესენი გველაპარაკებიან რაღაც აბსტრაქტულზე, რომ მოგვცემენ რაღაც “კანდიდატის სტატუსს”, რომელიც თურქეთს აქვს წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან. ეგ არ მაინტერესებს. ამას ხელი არ მოეკიდება, არ იჭმევა, არ იწონება, არ ითვლება. ეს არის აბსტრაქცია”.
სინამდვილეში, გარდა იმისა, რომ “კანდიდატის სტატუსი” მნიშვნელოვანი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მას “კანდიდატი” სახელმწიფოსთვის ხელშესახები ფინანსური სარგებელიც მოაქვს. კერძოდ, 2007 წლიდან ევროკავშირს შექმნილი აქვს გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტი (Instrument for Pre-Accession Assistance - IPA), რომლის მეშვეობითაც “კანდიდატ” ქვეყნებს და “პოტენციურ კანდიდატებს” ფინანსური დახმარება ეძლევათ 5 მიმართულებით, მათ შორის: 1) ევროკავშირთან დაახლოება და ინსტიტუტების განვითარება, 2) ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა, 3) რეგიონალური განვითარება, 4) ადამიანური რესურსების განვითარება, 5) სოფლის მეურნეობის განვითარება.
დღეისათვის, IPA-ს 7 ბენეფიციარი ქვეყანა ჰყავს: თურქეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და კოსოვო. IPA-ს პირველი ფაზის (2007-2013 წწ) ბიუჯეტი 11.5 მილიარდ ევროს შეადგენდა, 2014-2020 წლებში მეორე ფაზის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება 12.8 ლარს აღწევდა, ხოლო 2021-2027 წლებში IPA-ს მესამე ფაზისთვის დამტკიცებული ბიუჯეტი 14 მილიარდ ევროს აჭარბებს.
ის, რომ “კანდიდატის სტატუსი” არა აბსტრაქტული ცნებაა, რასაც “ალტ-ინფოს” ლიდერი ამტკიცებს, არამედ კონკრეტულ რიცხვებში გამოხატული დახმარებაა, თუნდაც თურქეთის მაგალითიც მოწმობს. 2007-2013 წლებში, მხოლოდ რეგიონალური განვითარების კომპონენტში თურქეთმა 1.6 მილიარდ ევროზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, მთლიანობაში კი, IPA-ს პირველი ფაზის მთლიანი ბიუჯეტის ლომის წილი (48.2%) სწორედ თურქეთს მოხმარდა. სოლიდური იყო თურქეთის წილი IPA-ს მეორე ფაზის ფარგლებში გამოყოფილ დაფინანსებაშიც და ის 25%-ს აღწევდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით და მოცულობით ჩაერთვება IPA-ს მესამე ეტაპის განხორციელებაში უკრაინა, რომელთან ერთადაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წელს მოლდოვამ და საქართველომაც წარადგინეს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, “კანდიდატის სტატუსის” ოფიციალურად მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე ამბობდა, რომ ამ სტატუსის მიღების შემთხვევაში უკრაინას გაუჩნდება წვდომა გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილ დაფინანსებაზე. ზოგიერთი უკრაინელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ, მას შემდეგ რაც 2022 წლის სექტემბრისათვის ევროკომისია და ევროპარლამენტი “კანდიდატის” სტატუსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს დაამტკიცებს, უკრაინას IPA-ს მეშვეობით წლიურად 400 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარების მიღება შეეძლება.
უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებსაც 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის “კანდიდატის სტატუსი” მიენიჭათ, საქართველო ამჟამად იმყოფება ევროკავშირისგან მიღებული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბრიუსელი საქართველოს “კანდიდატის სტატუსის” მინიჭებას ჰპირდება.
საყურადღებოა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისა და “კანდიდატის სტატუსის” მოპოვების მიმართ საზოგადოებაში სკეპტიკური განწყობების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არამხოლოდ “ალტ-ინფო”, არამედ ქართული ოცნების ლიდერების ზოგიერთი განცხადებაც. ასე მაგალითად, 2022 წლის 27 ივნისს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის „სტატუსი არის მხოლოდ პოლიტიკური წახალისება“ და მატერიალური დახმარების თვალსაზრისით ის არაფერს ცვლის.
საბოლოოდ, განხილული ფაქტებისა და მონაცემების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “კანდიდატის სტატუსი” სულაც არაა აბსტრაქცია, როგორადაც მას “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი წარმოაჩენს. პირიქით, ეს წარმოადგენს საშუალებას, რომ ქვეყანა სათანადო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მეშვეობით ევროკავშირს დაუახლოვდეს და ამავდროულად მრავალმილიონიანი ფინანსური დახმარებაც მოიპოვოს, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სექტორზე აისახება.
***
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60