"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №2
31 აგვისტო, 20222022 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ევროკავშირზე, კავშირის წევრობის კანდიდატობის მოსაპოვებლად საქართველოსთვის გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, აგრეთვე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებებზე ისაუბრა.
“ინსტრუქცია წამოვიდა ევროპიდან [12 რეკომენდაციის შესრულებაზე]. ევროპიდან არა, უფრო სწორად. ევროპა სხვა არის და ევროკავშირი აბსოლუტურად სხვა, და ვიტყვი რატომ: იმიტომ, რომ ევროპას აქვს თავისი ფასეულობები”, - თქვა მეუფე იაკობმა. “რაც ევროკავშირი გაიზარდა და ეს კომუნისტური ბლოკის ქვეყნები შეუერთდნენ, ვხედავთ, საქართველოს მიმართ რა დამოკიდებულება გაჩნდა. [ევროპარლამენტის] ის დეპუტატები, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს, ჩვენს წინააღმდეგ გამოდიოდნენ. რა უნდა ვიფიქრო? უნდა ვიფიქრო, რომ მათ მყარი ფესვები ჩარჩათ ისევ საბჭოთა კავშირში და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან”, - დასძინა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა.
აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ევროპარლამენტის წევრები, განსაკუთრებით, მეუფე იაკობის მიერ ხსენებული ქვეყნებიდან, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ, ბოლო პერიოდში, ევროპარლამენტის წევრები აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების სფეროებში გამოვლენილი უკუსვლის გამო.
ქართული ოცნების მიმართ კრიტიკის პარალელურად, საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ევროპარლამენტის წევრების არაერთ განცხადებაში იკითხება. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო განცხადება ლიეტუვიდან არჩეულმა ევროპარლამენტარებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ, 2022 წლის 6 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთეს.
კუბილიუსი და იუკნევიჩიენე აღნიშნავენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მხარს უჭერენ მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ ყველა საჭირო დახმარება უნდა გაუწიოს და სტიმული მისცეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე, რათა მოხდეს შიდაპოლიტიკური განხეთქილების დაძლევა და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მიღწევა.
საქართველოსადმი მხარდაჭერა იგრძნობა იმ განცხადებებშიც, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების ირგვლივ ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს 2022 წლის 22 ივნისს გაჟღერდა.
თავის გამოსვლაში, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მიესალმა 2022 წლის 20 ივნისს თბილისში გამართულ „ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციას თანამედროვე საქართველოს ისტორიაში“ და ხაზი გაუსვა, რომ „ხალხმა სიგნალი გამოგვიგზავნა თბილისიდან, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ევროპის გზას დაადგნენ და მე ძალიან მკაფიოდ ვამბობ – ჩვენ თქვენთან ვართ, ქართველებო“. აღნიშნულ დებატებზე ევროკავშირში საქართველოს წევრობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტის სხვა დეპუტატებმაც - ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა და სვენ მიკსერმა.
უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტის წევრების მიმართ კრიტიკა, თითქოს ისინი საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალიერარქებისგან, არამედ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისმის.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიისა და ქართული საზოგადოების ფართო პროტესტის ფონზე, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ქართული ოცნების ლიდერებმა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლების წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთეს.
2022 წლის 19 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროპარლამენტარები – ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი და ანა ფოტიგა გააკრიტიკა. 2022 წლის 20 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ „სამწუხაროდ“, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი „მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში“.
ხაზგასასმელია, რომ ბოლო პერიოდში, ქართული ოცნების ლიდერები თავად გახდნენ ევროკავშირის შესახებ მთავარი დეზინფორმაციული ნარატივის გამავრცელებლები, რომ თითქოს, ევროკავშირი, წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ, საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩაბმას მოითხოვს. მსგავსი შინაარსის განცხადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 22 ივნისს, ხოლო ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 6 ივლისს გააკეთეს.
ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრალდება, თითქოს, ევროპარლამენტის წევრები საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ, მცდარია. 2022 წლის 28 აგვისტოს მეუფე იაკობის მიერ ქადაგებისას ევროპარლამენტარების მისამართით გახმოვანებული კრიტიკა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ევროკავშირისადმი საზოგადოების ნდობის შერყევას ემსახურება.
***
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60