"ფრთხილად, გატყუებენ!" - ანგარიში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ №1
25 აგვისტო, 2022უკრაინაში მიმდინარე ომი და მასთან დაკავშირებული მოვლენები აქტიურად გამოიყენება ულტრამემარჯვენე მოძრაობებისა და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ საქართველოში ანტიდასავლური დეზინფორმაციული ნარატივების გასაძლიერებლად.
ერთ-ერთ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივს წარმოადგენს ის, რომ თითქოს ევროპა/ევროკავშირი არასაიმედო პარტნიორია; რომ ევროპამ უკრაინა მიატოვა. აღნიშნული ნარატივის გასამყარებლად ფეისბუკ გვერდმა “2012-იანელები” 2022 წლის 22 აგვისტოს გაავრცელა შემდეგი შინაარსის პოსტი: “ევროკავშირის 6 ქვეყნის მეთაურმა გამოაცხადა რომ ამოწურა უკრაინისთვის ფინანსური და იარაღით დახმარების რესურსი და გავიდა ხელშეკრულებიდან! მალე ეს ამბავი გახდება საყოველთაოდ ცნობილი!”
აღნიშნული ფეისბუკ პოსტი წარმოადგენს ინფორმაციით მანიპულაციას, რადგან, სავარაუდოდ, ნაწილობრივ ეყრდნობა ერთ-ერთი გერმანული ორგანიზაციის - კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევას, მეორე მხრივ კი, ახდენს ამ კვლევის უხეშ ინტერპრეტირებას.
კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, უკრაინის სამხედრო დახმარების თემაზე ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულმა გამოცემამ “Politico” 2022 წლის 17 აგვისტოს გაავრცელა. “Politico”-ს სტატიაში ნათქვამი იყო, რომ “ივლისში ევროპის ექვსმა უდიდესმა ქვეყანამ - დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და პოლონეთმა - არ იკისრეს უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების ახალი ვალდებულებები”. გამოცემას მოჰყავს კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის პროექტ Ukraine Support Tracker-ის ხელმძღვანელის, კრისტოფ ტრებეშის ციტატა, რომ "იმის მიუხედავად, რომ ომი კრიტიკულ ფაზაში შევიდა, დახმარების აღმოჩენის ახალი ინიციატივები გამოილია". “Politico”-სთან საუბარში, ტრებეში ასევე "მოკრძალებულს" უწოდებს 2022 წლის 11 აგვისტოს კოპენჰაგენის კონფერენციაზე დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების მიერ უკრაინისთვის დამატებით 1.5 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღების მიწოდების ვალდებულებას, წინა კონფერენციებზე შეთანხმებულ თანხებთან შედარებით.
ქართულ საინფორმაციო სივრცეში აღნიშნული სტატიის მანიპულაციური ინტერპრეტაციით გავრცელებამდე, “Politico”-ს სტატია აქტიურად გააშუქა სხვადასხვა რუსულმა პროპაგანდისტულმა საშუალებამ. მაგალითად, ტელეარხმა “ცარგრად” გამოაქვეყნა პოსტი სათაურით “დახმარება დასრულდა: ექვსმა უმსხვილესმა ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინისთვის [იარაღის] მიწოდება შეწყვიტა” (Помощь - Всё: Шесть Крупнейших Европейских Стран Остановили Поставки на Украину).
საყურადღებოა, რომ “Politico”-ს სტატიაში მითითებული არც ერთი ევროპული სახელმწიფოს ლიდერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 2022 წლის 23 აგვისტოს, “ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე გამოსვლისას პარტნიორ სახელმწიფოებს მოუწოდა, ყოველგვარი აუცილებელი სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას. იმავე დღეს, კანადაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღების მიწოდებას აპირებს. უკრაინისთვის სამხედრო და სხვა ტიპის დახმარების გაგრძელების ვალდებულება დაადასტურა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში.
ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფეისბუკ გვერდ “2012-იანელების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მანიპულაციურია, მიზნად ისახავს მკითხველის შეცდომაში შეყვანას, ევროპის ქვეყნების დისკრედიტაციას და ევროკავშირისადმი საზოგადოების ნდობის შერყევას.
***
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “უფლებები საქართველო“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პროექტის შესახებ: https://rights.ge/ka/projection/60